ახალგაზრდა მამაკაცმა ლას-ვეგასში მომხდარი სროლის დროს 30-მდე ადამიანი გადაარჩინა, თავად კი მხარის არეში დაიჭრა.
"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, 30 წლის ჯონათან სმიტი კონცერტზე ოჯახის 9 წევრთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ფესტივალზე სროლის ხმა გაისმა, მისმა უფროსმა ძმამ, ლუისმა ადგილიდან ოჯახის წევრების გაყვანა მოახერხა. როდესაც ყველა მათგანი უსაფრთხოდ გავიდა ტერიტორიიდან, ჯონათანი უკან დაბრუნდა, სადაც თავდამსხმელი ჯერ კიდევ ისროდა.
სმიტმა Washington Post-თან განაცხადა, რომ ხალხი დაბნეული იყო, გაქცევას ვერ ახერხებდა და ის რამდენიმე ათეულ ადამიანს დაეხმარა გადარჩენაში. ჯონათანს ერთდროულად რამდენიმე ბავშვი გაჰყავდა საკონცერტო სივრციდან, როდესაც მხრის არეში ტყვია მოხვდა.
"შესაძლოა, მთელი ცხოვრება ამ ტყვიით გავატარო, ექიმებმა ის არ ამოიღეს," - აღნიშნა სმიტმა.
1-ელ ოქტომბერს, ღამით ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი გარდაიცვალა, 500-ზე მეტი დაშავდა.