რა არის ენერგოეფეტურობა? როგორ ავიცილოთ თავიდან ენერგოდანაკარგები, არ დავაზიანოთ ეკოსისტემა და თავადაც არ დავზიანდეთ? - ზოგს შესაძლოა ჰგონია, რომ აქ გამოსავალი არ არსებობს, ასე არ არის და ამ თემაზე გვესაუბრება გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი, მერების შეთანხმების ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში.
მიიჩნევა, რომ ენერგოგადასახადი დამოკიდებულია მხოლოდ ტარიფზე და მისი შემცირებით შეიძლება გადასახადების შემცირება. არადა, ენერგოეფექტურობას გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებიც უკავშირდება. ბატონი გიორგი გვეუბნება, რომ აბონენტისთვის საინტერესოა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები და მასში არ გადაიხადოს დიდი თანხა, ყოველი გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი ტარიფის ცვლილება მისთვის არ იყოს მტკივნეული. აბონენტის მიერ მოხმარებული გადასახადი შედგება - ტარიფი გამრავლებული მოხმარებულ ენერგიაზე. ტარიფებზე ზეგავლენა კი ადამიანის ძალისხმევას აღემატება, თუმცა ენერგოეფექტურობა ამის საშუალებას იძლევა, რომ თითოეული აბონენტის დონეზე მოხდეს გადასახადის კორექტირება.
თუ როგორ? ჩვენი რესპონდენტის პასუხი ასეთია: "უპირველესად საჭიროა ჩვენი ყოფითი უნარჩვევების შეცვლა. ეს კი ენერგიის ეფექტურ გამოყენებას უდრის, ანუ ოჯახი, აბონენტი სად და როგორ მოიხმარს ენერგიას და სად შეამცირებს მას, ან იაფი ენერგიით ჩაანაცვლებს.
წარმოიდგინეთ, რომ ამის შეცვლა გაწეული ფარდებითა და ჩამქრალი ნათურებით შეიძლება. უმრავლესობა დღის საათებში ხელოვნურ განათებას იყენებს, საჭიროა, ჩაიქროს ნათურა, ფარდები გაიწიოს და ოთახში დღის სინათლე შემოვიდეს. ეს პრობლემის მარტივი ენერგოეფექტური გადაწყვეტაა".
ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ მაცივარი მზიან ადგილზე, ან გამათბობლის გვერდით არ უნდა დავდგათ. იმის გამო, რომ მისი კამერა შიდა სივრცეს აგრილებს, ამას კი ოთახში არსებული ჰაერიდან სითბოს ართმევით ახდენს. ცხელ გარემოში კი რთულად მუშაობს და მეტი ელექტროენერგია სჭირდება. გამათბობლის, ან მზის პირდაპირი დასხივების შემთხვევაში კი, მაცივრის კომპრესორი მეტ ენერგიას მოიხმარს.
ბოლო დროს მოდაშია კარადაში შედგმული მაცივარი, შეიძლება ამით ოთახში ფართობს იგებენ, რეალურად კი ენერგიის გადასახადს იზრდიან, მაცივარს აზიანებენ და ექსპლოატაციის ვადას უმცირებენ.
სარეცხი მანქანის შემთხვევაშიც ბატონი გიორგის თქმით, არ არის საჭირო ზემაღალი ტემპერატურების მითითება. 30-40-გრადუსიან რეჟიმშიც სრულად ასუფთავებს ტანსაცმელს თუ სხვადასხვა ქსოვილს, დამატებითი ტემპერატურა არის დამატებითი ქსელიდან წამოღებული ენერგია. ერთი ნივთის გამო, რომელიც 200 გრამს იწონის, 5-კილოგრამიანი მანქანის ჩართვა ენერგიის ტყუილი ფლანგვაა!..
- ალტერნატიული რესურსების გამოყენებაზე, მაგალითად, მზის ენერგიაზე რას იტყვით?
- ჩვენთან, მანსარდში საკმარის თბოიზოლაციას არ აკეთებენ. არადა, მშენებლობის ან რემონტის დროს, მინიმუმ, 20-სანტიმეტრიანი დათბუნების ფენა უნდა გაკეთდეს და შემდეგ მოხდეს ე.წ. მზის მილების დატანა. ამასთან, დღის სინათლის შემოშვებაში პატარა სარკმელიც დაეხმარებათ, რომელსაც ჟალუზი ექნება...
თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, იგივე მზის ენერგიიდან ელექტროენერგიი, ან ცხელი წყლის მიღება, ჯერ კიდევ ძვირი სიამოვნებაა, მიუხედვადა იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიაფდა, ყოველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ძვირია. მაგრამ ვისაც ეს შეუძლია, აკეთებს, თუმცა მათგან ყველა არა, რადგანაც მათთანაც ჯერ არ არის ცნობიერება სათანადო დონემდე ასული.
- გაცილებით ეფექტური და ეკონომიკურადაც მომხიბვლელია წყალგამაცხელებელი მოწყობილობები...
- დიახ, როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე ჰიგენური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე იმ მცირე და საშუალო საწარმოებში, სადაც ცხელი წყალი სჭიდებათ. ფაქტობრივად, ორ წელიწადში ამ ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიციის დაბრუნება ხდება შემცირებული გადსახადებით, მით უმეტეს იმ გაზრდილი ენერგოგადასახადების ფონზე, ასეთი ტექნოლოგიების ეკონომიკური სარგებლიანობა უფრო უმჯობესდება. მოკლედ, თუ ტარიფი გაიზარდა და ამან უფრო ძვირად ღირებული ელექტროენერგია, ან გაზი ჩაანაცვლა, დანაზოგიც მეტი იქნება.
- ხელოვნური განათება როგორ ჩავანაცვლოთ?
- ჩვეულებრივი ნათურების ჩანაცვლების მარტივი ტექნიკური საშუალება ვარვარების ნათურებით შეცვლაა. კომპაქტური შუქდიოდური ნათურები საგრძნობ შედეგს იძლევა. ერთბაშად რომ არ მოხდეს მათი გამოცვლა, რაც ოჯახის ბიუჯეტისთვის ცოტა რთულია, შეიძლება ეტაპობრივად - ყოველი გადაწვის შემდეგ ახლისა და ხარისხიანის შეძენა უფრო ადვილია, რითაც ოჯახი თანდათან გადავა დაბალენერგომომხმარებელ განათებაზე.
- როგორ მოვიქცეთ ელექტრომოწყობილობების შეძენისას?
- ახალი ელექტრომოწყობილობების შეძენისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ენერგეტიკულ ეტიკეტს, ენერგომარკირებას, რომელიც ლათინურ ანბანს მიჰყვება. რაც უფრო ალფავიტის თავშია A, A+, A++, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს (ეს ყველაფერი ეტიკეტზეა დატანილი). მაგრამ მომხმარებლების უმეტესობა ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის, შეძენისას რომ ამოიკითხოს... ხოლო იქ, სადაც ეტიკეტზე წერია, ვთქვათ, მაცივარი წელიწადში რამდენ კილოვატს მოიხმარს, ეს იმის დადგენის საშუალებას მოგცემთ, რა ენერგიას დაზოგავთ წელიწადში.
ასეთივე ინფორმაციაა დატანილი წყლის მოხმარების მიმართულებითაც. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც წყლის ღირებულებას მრიცხველის მიხედვით იხდის.
- ქალაქში უამრავი მანქანა მოძრაობს, რაც ისედაც მძიმე ეკოლოგიურ სურათს მეტად ამძიმებს.
- ფაქტია, რომ საკმაოდაა მომრავლებული ავტომობილები. ავტომანქანის შეძენისას სასურველია, ოპტიმალური სიმძლავრის ძრავები შევიძინოთ, თუმცა უფრო პოპულარულია და ეკონომიურია ჰიბრიდული ელექტროძრავებიც. თუ ავტომობილი ქალაქში შიდა გადაადგილებისთვის არის, უამრავი მარტივი რჩევა და ჩვევა შეიძლება გამოიმუშავოს მძღოლმა, რომ თავისივე საკუთარი ავტომობილით ნებისმიერი ცვლილების განუხორციელებლად უფრო მეტი საწვავი დაზოგოს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში გამოშვებული საბურავებიც კი, ასეთი ენერგეტიკული ეტიკეტით არის აღჭურვილი. საბურავებს აწერია, მისი გამოყენებისას რომელი მანქანა მეტ თუ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ამაზეც არის ყურადღება მისაქცევი.
თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია, რასაც ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს, ასევე საწვავის ხარისხი, ყოფაცხოვრებაში განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მოხმარებული წვადი რესურსები (შეშა, ბუნებრივი აირი). ეს გამონაბოლქვი მნიშვნელოვანია და აქ პირველ ადგილზეა ტრანსპორტი, მაგრამ მეორე ადგილზეა (3-5-პროცენტიანი სხვაობით) ყოფაცხოვრებაში მოხმარებული ენერგია. ეკოლოგია მნიშვნელოვნად ზიანდება განსაკუთრებით, გამათბობელი მოწყობილობების გამოყენებისას.
- კერძოდ?
- არსებულ პრაქტიკაში, ყოველი ბინიდან გამოდის მილი, რომელიც ცალსახად ზედა მეზობელს წამლავს, ანუ ყოველი ზედა სართული ამ შხამს იღებს თავისი მეზობლის გამათბობლისგან თუ წყალგამაცხელებელი ქვაბიდან. ჩვენთან ამის ჩასანაცვლებლად ალტერნატივა არ არსებობს და თან, ამას თითოეული მოსახლე ვერ გადაწყვეტს. მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომ შენობაზე ავტონომიური სისტემების დანერგვაზე გადავიდნენ. შეიძლება ასევე მიკროეზოსთვის რაიონული ცენტრალური გათბობის დაყენება, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
თუმცა აქაც შეიძლება გარკვეული მართვის მექანიზმს მივმართოთ, შევამციროთ ბუნებრვი აირის მოხმარების საჭიროება, რომლითაც უშუალოდ უნებლიედ მეზობელს ვაყენებთ ზარალს და დასახლების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზარალი ერთობლივადვე უნდა შევამციროთ.
- როგორ?
- თუ ხის ჩარჩოიან ფანჯრებზეა ლაპარაკი, ღრიჭოები ამოვავსოთ, დავგმანოთ, რომ თბილი ჰაერის გარეთ ნაკლები გადინება მოხდეს და ცივის შემოდინება. თუ თანამედროვე ორმაგი შემინვაა (მეტალოპასტმასი), გაუმჯობესებულ ფანჯრებს სხვა პრობლემა აქვთ, თუ სწორად არ არის დამონტაჟებული, ჟანგბადის დეფიციტი იქმნება და ამ დროს ფანჯარა უნდა გაიღოს, რაც გამათბობელს ან გამაგრილებელ მოწყობილობას ჩართულ მდგომარეობაში პრობლემას უქმნის. ამიტომ, აქაც არის გამოსავალი, ფანჯრის გაღების წინ აგრეგატი გამოვრთოთ, შემოვუშვათ ჰაერი და შემდეგ ისევ ჩავრთოთ.
ძველ კორპუსებში ბუნებრივი ვენტილაცია იყო, ახლებში ყველგან არ არის, საიდანაც უნდა მოხდეს ჰაერის გადინება და შემოდინება. თუ ასეთი რამ არ არის, მარტივი სავენტილაციო სისტემა დავამონტაჟოთ, რომელიც ფანჯარაზე ან კედელზე გაკეთდება.
- როდესაც სახელმწიფო ამ ყველაფერზე ნაკლებად ზრუნავს, გამოდის ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს...
- სახელმწიფომ შეიძლება შექმნას წინაპირობები, კანონმდებლობა, მაგრამ, ადამიანებმა კანონი თუ არ ავასრულეთ, არაფერი გამოვა. საქართველოში არსებობს კანონი შენობებში მოწევის აკრძალვის შესახებ, თუ ადამიანებმა ეს არ აღასრულეს, სხვაგვარად ძნელია...
სახელმწიფოს შეუძლია ექსპლუატაციაში არ მიიღოს ის შენობები, სადაც თუნდაც გათბობის ერთობლივი სისტემები არ იქნება, რომელიც ეკოლოგიას ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
ენერგოეფექტურობის საკითხები არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო მიღებული, მაგრამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ დააჩქარა. წლის ბოლომდე კანონპროექტი უნდა მომზადდეს, ამ კანონპროექტს ამოქმედების დედლაინიც აქვს სახელმწიფოს და, შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტებიც. როდესაც ეს განისაზღვრება, მაშინ სახელმწიფო მშენებლებთან შევა კონტაქტში, მაგრამ თვითოეულ ოჯახში სახელმწიფო ვერ შეიხედავს. არაერთხელ იყო გამოცხადებული, რომ გამათბობელი საშუალებების არასწორი მონტაჟი ლეტალურ შედეგს იწვევს და ამის არაერთი შემთხვევაც არსებობს. სახელმწიფო აცხადებს, - იმ მოწყობილობის შემოტანის აკრძალვა არ არის სწორი, რადგანაც ვისთანაც ყველა წესის დაცვით, პროფესიონალის მიერ დამონტაჟდა, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ იქ სადაც კუსტარულად და არასწორად გაკეთდა, სავალალო შედეგებს იწვევს. თითოეულ ოჯახში თითოეულმა ადამიანმა უნდა გააანალიზოს ყველაფერი, უნდა მოიყვანოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება უთხრას, რომ თქვენს სივრცეში ამის გაკეთება საერთოდ არ შეიძლება, ვინაიდან ამის ალბათობა არსებობს, ამიტომაც არ მოჰყავთ სპეციალისტი და ინდივიდუალურად მოქმედებენ, რაც მძიმე შედეგებით სრულდება. მოკლედ, ყველაფერი მაინც ჩვენ უნდა აღვასრულოთ. აქ არის ცნობიერება და გაცნობიერების აუცილებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახისთვის, გადასახადებისა და შიდა ეკოლოგიისთვის არის სასარგებლო.
ლალი ფაცია