სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.
"ჩატარდა მშობელთა კრება და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ჩვენ 12-12 ლარი დაგვაბარეს, თუმცა ზოგიერთ კლასში თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა", - განაცხადა მშობელმა. როგორც მან აღნიშნა, მშობელთა კრება "მხოლოდ ამ საკითხს მიეძღვნა".
32-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხურციძე-კაშია გამორიცხავს, რომ ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით პედაგოგებს მშობლებისთვის მიემართათ.
როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პედაგოგებს უკვე ესაუბრა და ისინი ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა დღეს ამ საკითხზე თათბირი მაინც გაიმართება. სკოლის დირექტორი მიმართავს მშობლებს და სთხოვს მსგავსი პრობლემების შემთხვევაში მას მიმართონ.
"მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მასწავლებლები არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ თანხისთვის მშობლები შეეწუხებინათ. მე ამ კოლექტივს ვიცნობ 1998 წლიდან და მაქვს უდიდესი ნდობა მათი. შემიძლია ასევე გითხრათ, რომ სკოლის აღჭურვა ჟალუზებით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება "დიოსთან". წელს პირველ სართულზე სკოლამ საკუთარი რესურსებით შეიძინა ჟალუზები, რამდენიმე დღე მაინც მჭირდება, რომ ჩემს კოლეგებთან ვისაუბრო, მაგრამ ამას გამოვრიცხავ. ჩემი კოლეგები ფულზე არავითარ შემთხვევაში არ ისაუბრებდნენ მშობლებთან", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ შემთხვევით შესაბამისი სამსახური დაინტერესდება.
"სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება. აქედან გამომდინარე, მშობლებისგან ფულის აგროვების ნებისმიერი მცდელობით შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდება და მოკვლევის შედეგად შესაბამისი რეაგირება ექნება", - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში.