გაერო რუსეთის ხელისუფლებას ყირიმში ადგილობრივი მოსახლეობის წამებასა და ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის თქმით, 2014 წლის მერე, მას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, იქ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას novayagazeta ავრცელებს.
"ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც მათ დაპატიმრებაში, გატაცებასა და სასტიკ მოპყრობაში გამოიხატება. ასევე, არის ფატები, როდესაც ადამიანები სასამართლო პროცესის გარეშე სიკვდილით დასაჯეს," - ნათქვამია გაეროს მომზადებულ დოკუმენტში.
გაეროს მონაცემებით, რამდენიმე პატიმარმა მათ მიმართ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა. სამმა მათგანმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო და გარდაიცვალა... დიდი მიმართვიანობის მიუხედავად, ადგილობრივი სამართალდამცავები ასეთ ფაქტებს მუდმივად უგულვებელყოფენ... ათეულობით დაკავებულ ადამიანს შორის არის უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც 2014 წელს დააპატიმრეს.
გაერო ასევე აღნიშნავს, რომ ყირიმში "ექსტრემიზმის" წინააღმდეგ, მასობრივი ჩხრეკები განახორციელეს, ძალოვნები სახლებში შეუვარდნენ მოსახლეობას და "ექსტრემიზმის პრევენციისთვის" შესაბამისი ღონისძიებები განახორციელეს... ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ბლოგერების თქმით, ასეთი სახის ქმედებებს ადგილობრივი ძალოვნები ყირიმელი თათრების წინააღმდეგაც იყენებენ...
გაეროს ანგარიშში საუბარია ორ კონკრეტულ შემთხვვაზე, რომელიც 2016 წელს მოხდა, - მოსახლეობის პროუკრაინულად განწყობილ ნაწილს, ФСБ -ს თანამშრომლებმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გამოყენებით ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს.
გაერო რუსეთის ხელისუფლებას 20 რეკომენდაციას აძლევს და ყველა მათგანი ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, - ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებს ობიექტურად გამოიძიოს ადამიანის გატაცებები და მკვლელობები...
2014 წელს, რუსეთის სამხედრო ფლოტმა და სპეცრაზმმა ყირიმში უკრაინის სამხედრო ბაზები ჯერ ალყაში მოაქცია, შემდეგ კი იქ შეიჭრა და სამხედროებს მათთან გაერთიანება ან წასვლა შესთავაზა.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეები და სამხედროები არჩევანის წინაშე დადგნენ - მათ ან რუსეთის მოქალაქეობა უნდა აერჩიათ ან დაეტოვებინათ ყირიმის ტერიტორია. ბევრმა მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ, ვინც ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, დღეს მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება. საქმე ის არის, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალება არც იმათ აქვთ, ვინც რუსეთის მოქალაქეობა აირჩია...
მიუხედავად იმისა, რომ ყირიმში რუსეთი ცდილობს სრულად გააქროს უკრაინული სიმბოლოები და ყირიმს "სრულიად რუსული იერი მისცეს", მოსახლეობაში განსხვავებული განწყობებია. სწორედ ამის აღმოსაფხვრელად იბრძვის რუსეთი ჩვეული მეთოდებით, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებს.
გაეროს რეკომენდაციისა და მედიის აქტიურობის მიუხედავად, რუსეთი ყირიმში არსებულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე