სამართალდამცველებმა შარტავას ქუჩაზე 45 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ამ დროისთვის დაჭრილი საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა დაჭრილი იპოვეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძეა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
ტაკიძე 2003-2005 წლებში - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის იურიდიული განყოფილებაში მუშაობდა, 2005-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დეკლარაციების შევსების განყოფილების უფროსი იყო, 2012 წლიდან კი მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ხოლო რამდენიმე თვის წინ მომსახურების სააგენტოში გადავიდა სამუშაოდ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თამთა კაკაურიძე
ნახეთ ვიდეო: რას ჰყვებიან თვითმხილველები შარტავაზე ნაპოვნი მამაკაცის შესახებ, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა