რამდენს მიიღებს საქართველო აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტიდან?

რამდენს მიიღებს საქართველო აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტიდან?

ამერიკის სენატმა 18 სექტემბერს, 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებია შეტანილი, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სენატი "კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ" და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, "საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდებს".

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია. მას არაერთგზის გამოუხატავს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების დასაცავად მზადყოფნა, მათ შორის, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ISAF-ის მისიასა და ერაყის მრავალეროვან ძალებში, რომელშიც ქართველი სამხედროების წვლილი მნიშვნელოვანია.

18 სექტემბერს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტის პოლიტიკურ ნაწილში, რომელიც ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტს ადგენს, აღნიშნულია, რომ შეკავების ევროპული ინიციატივა საქართველოს, როგორც პარტნიორისთვის შესაძლებლობებს ქმნის, რათა მან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან, ამასთან, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამერიკის სენატი ყურადღებას ამახვილებს, რომ დანაკარგის მიუხედავად, საქართველო, როგორც ნატოს პარტნიორი ISAF-ის მისიასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, კონტინგენტის მოცულობის თვალსაზრისით, მეორე ქვეყანაა.

შეერთებული შტატების კონგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. კონგრესი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს თავისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში კონფლიქტის გამოწვევით დასტურდება... ამასთან, რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ-სეპარატისტულ გაერთიანებებს ხელმძღვანელობს, აქტიურად ახორციელებს ძალადობასა და ხელს უწყობს ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს გახანგრძლივებას.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დოკუმენტი თავისი შინაარსით ამერიკის საქართველოსადმი, როგორც საიმედო და მჭიდრო პარტნიორის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს.

მსგავსი ტიპის დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მზადდება და მასში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. რაც შეეხება, რეალურ ერთობლივ პროექტებს, - ქართველი ექსპერტების აზრით, ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის პროექტი. თუნდაც, ერთობლივი სამხედრო ობიექტის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, რომლისთვისაც საქართველო მის განსახორციელებლად 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტის ლარის გამოყოფას აპირებს. მათივე თქმით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, - თავდაცვის სფეროში სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საქართველოს ამერიკისგან თავდაცვითი იარაღის მიწოდება სჭირდება, რათა რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას აღუდგეს წინ.

კონკრეტულად, რა თანხის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტიდან, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში საქართველოსთვის კონკრეტული თანხა გათვალისწინებული არ ყოფილა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამერიკის საბიუჯეტო დოკუმენტი "რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპული მოკავშირეების მხარდასაჭერად" - სამი ქვეყნისთვის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასათვის, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის დაფინანსება შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტიდან 500 მილიონი აშშ დოლარით იგეგმება, რაც ქართველი ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, იქ არსებული საომარი მოქმედებების აიხსნებოდეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე