"აპარატიდან ვერ ხსნიან, მაგრამ ორგანიზმი პატარა ბიჭივით იბრძვის" - რას ჰყვება ჯანსულ ჩარკვიანის ქალიშვილი მამის მდგომარეობაზე

"აპარატიდან ვერ ხსნიან, მაგრამ ორგანიზმი პატარა ბიჭივით იბრძვის" - რას ჰყვება ჯანსულ ჩარკვიანის ქალიშვილი მამის მდგომარეობაზე

თვეზე მეტია, რაც პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია და კვლავაც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება... იმის გამო, რომ მკითხველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მუდმივად ინტერესდება, Ambebi.ge პოეტის ქალიშვილს თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა:

- ყველას მადლობა, ვინც მამას მდგომარეობით ინტერესდება და ასეთი უამრავი ადამიანია. ვამბობ, ღმერთო, მამა იმიტომ მომიბრუნე ამ ქვეყანაზე-მეთქი, რომ ცალი თვალით მაინც დაინახოს რა სიყვარული და სითბო მოდის მისი მისამართით. თუ ამ სიტუაციაში, ამ თვალსაზრისით, შეიძლება თქვა, რომ ის ბედნიერია, ნამდვილად არის ბედნიერი!

რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, გეტყვით, რომ ოდნავ უკეთესობაა, ოღონდ, თირკმელი ცოტას ჭირვეულობს, როგორც იტყვიან, ერთი პრობლემა მთავრდება, მეორე იწყება... ჯერჯერობით აპარატით სუნთქვაზე იმყოფება, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს, რაღაც პერიოდი, კი ხსნიან აპარატიდან, მაგრამ შემდეგ ისევ აერთებენ. მოკლედ, აპარატიდან მისი მოხსნა ჯერ არ გამოდის...

- როგორია ექიმების პროგნოზი?

- ეს ისეთი ვერაგი დაავადებაა, თან, ამ ასაკში, რომ პროგნოზს ვერავინ აკეთებს. თუმცა გაკვირვებულები კი არიან, ორგანიზმი "პატარა ბიჭივით" იბრძვის, რაც მართლაც გაოცებას იწვევს. მოკლედ, სულ უიმედობა არ არის, ამ პატარა გამონათებას ვეპოტინებით. ექიმები თავსა და ენერგიას არ ზოგავენ, ყურადღებიანები და პროფესიონალები არიან.

- ინსულტამდე მისი ასაკის კვალობაზე, კარგად იყო, როგორც მახსოვს, მისებურად ენაკვიმატობდა კიდეც...

- კი და მისი ეს კვიმატობა და სისხარტე აღმოჩნდა საბოლოოდ ამ მდგომარეობამდე მისვლის მიზეზი. როცა ერთ-ერთი ტელეეთერით იხუმრა - ''ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა კიდევ - რუსულმანები''.

ვფიქრობ, რომ ამ ხუმრობამ ძალიან არაქართველი ჯიშის მქონე ადამიანი გააღიზიანა. რა პოზიციაც უნდა გქონდეს ადამიანს, ქართველი გაღიზიანდეს იმ ფაქტზე, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, - ჩემთვის ეს გაუგებარია! თუ ამას ოდესმე მოვესწრებდი, არ მეგონა.

როცა იმ კაცის წერილი წავიკითხე, სადაც წერს: "უმადური ქართველები, წერა-კითხვაც კი რუსებისგან ვისწავლეთ"... მამას მაშინვე ვუთხარი, კაცისგან, რომელიც სამშობლოს აფურთხებს, რატომ უნდა გეწყინოს, შეურაცხყოფა რომ მოგაყენოს-მეთქი?!

მაგრამ ვიმეორებ, ჩვენს მძიმე მდგომარეობაში თუ შეიძლება რაიმე სინათლე ეძებო, ის არის, რომ ხალხის ამხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით. მოვიდა არნახული რაოდენობის წერილი, ზოგი ჯანსუღის ჩვენთვის უცნობ ლექსს, ტექტს, გამონათქვამს გვიგზავნიდა, მის გაკეთებულ საქმეებზე გველაპარაკებოდა. მათგან რაღაცები ვიცოდი, რაღაცები - არა, არასდროს მოუყოლია. ასე რომ, ხალხმა უღირსებას ღირსეული პასუხი გასცა.

ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ დაწერა წერილი, ან ამის უკან ვინ იდგა, რადგანაც ინფორმატორი, დამკვეთი და ხელისმომწერი ზუსტად ერთი და იგივეა. ასე რომ, ვნატრობ, ღმერთო, გამოახედე ჯანსუღი, რომ ხალხის ეს სიკეთე დაინახოს, რადგანაც ადამიანისთვის, მით უფრო და პოეტისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება სხვა არ არსებობს. მიხარია, რომ მამამ ვაჟკაცად იცხოვრა და რითი უნდა მოუბრუნდეს ეს? თუ ის წიხლი, რაც მივიღეთ, საწინდარი იყო იმის, რომ ამხელა სიყვარული ცოცხალ-მკვდარი ჯანსუღის სიცოცხლეში მასთან მოსულიყო, ამ თვალსაზრისით ბედნიერი კაცია!

ლალი ფაცია

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი