"მოჩვენება" იგივე რუსლან პაპასკირი - ერთდროულად ოთხი ქვეყნის აგენტის კრიმინალური ცხოვრება

"მოჩვენება" იგივე რუსლან პაპასკირი - ერთდროულად ოთხი ქვეყნის აგენტის კრიმინალური ცხოვრება

არსებული ინფორმაციით, რუსლან პაპასკირი, იგივე ალი დაბუევი, იგივე თემურ მახაური, საქართველოში ჩამოასვენეს. 11 სექტემბერს, კიევში, მასთან გამოსამშვიდობებლად რამდენიმე ათეული მისი მეგობარი შეიკრიბა. იმავე დღეს, თბილისიდან მისი და და დედაც ჩაფრინდნენ და მისი ცხედარი საქართველოში გადაასვენეს. ალი დაბუევის მეგობრების თქმით, საქართველოს მოქალაქე ჩეჩენს საფლავი აქ, დუისში ექნება...

39 წლის ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, 8 სექტემბერს ქართული სანომრე ნიშნების მქონე საკუთარი "ტოიოტას" საჭესთან ააფეთქეს.

ალი დაბუევი, სხვა მონაცემებით კი, ალი ტიმაევი, იგივე რუსლან პაპასკირი და თემურ მახაური, ზედმეტსახელად "ზონა", 1978 წლის 4 აპრილს, ჩეჩნეთში გუჩუმ ყალე ითმკალინსკის რაიონში დაიბადა. მონაწილეობდა ჩეჩენთის ომებში და ორჯერ დაიჭრა.

იურიდიული კონსულტანტისა და "თურქეთში რუსეთის მოჰაჯირების ასოციაციის" პრეს-მდივნის სელმან სევერის ინფორმაციით, "ზონა" რუსეთის ფედერალურმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს, თუმცა, ის გამოისყიდეს და აზერბაიჯანში გადააგზავნეს. მის მოწინააღმდეგეებს მიაჩნდათ, რომ ალი დაბუევი რუსულმა ФСБ-მ სწორედ ტყვეობის პერიოდში გადაიბირა და შემდეგ, გარკვეული დავალებებიც მისცა, რომელსაც ჩეჩენმა დაბუევმა წარმატებით გაართვა თავი...

ბაქოში ცხოვრებისას, დაბუევი დაქორწინდა. 2005 წელს, ის აბდულ ხალიმ სადულაევმა და შამილ ბასაევმა საქართველოში ემისრად დანიშნეს. მას პანკისის დასახლებაში მცხოვრები ჩეჩნების "დავერბოვკება" და შემდეგ ჩეჩნეთში, მობილურ ჯგუფებად გადასროლა ევალებოდა... სწორედ ამ დროს, ის საქართველოს სპეცსამსახურებმა "დაავერბოვკეს", რის შემდეგაც, საქართველოს პასპორტი აიღო და რატომღაც გვარად პაპასკირი აირჩია.. რუსული მედია მას შემდეგში ხშირად უმახინჯებდა გვარს და "პაპაცკორად" მოიხსენიებდა...

იმ წლებში, საქართველოდან სამი ჩეჩენი ევროპაში გაიწვიეს, მათ შორის რუსლან პაპასკირი, რომელიც იმ დროისთვის, "ზონას" ზედმეტსახელით იყო ცნობილი... იქიდან რუსლან პაპასკირი მალე ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა საომრად, თუმცა თურქულ მხარეს ჰქონდა ვერსია, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების საქმესაც აკეთებდა.

რაც შეეხება მის "ანგარიშზე" არსებულ საბრძოლო და ქილერის გამოცდილებას: - ალი დაბუევის სახელს უკავშირებენ 2006 წელს ინგუშეთში, იარაღით დატვირთული და დანაღმული სატვირთო მანქანით ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის აფეთქებას, თუმცა, მისი გარდაცვალების კიდევ ერთი ვერსიით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის მიმართ გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად დაიღუპა, რასაც რუსული მედია ღიმილისმომგვრელს უწოდებს...

2007 წელს, მისი გვარი ფიგურირებდა იმ ჩეჩენ ქილერებს შორის, რომლებსაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოშორება შეუკვეთეს; ასევე ვრცელდება, დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დროს იგი იბრძოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში. რუსული მედიის მტკიცებით, რუსლან პაპასკირი საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრში ირიცხებოდა. მოგვიანებით, ასევე, იბრძოდა სირიაში, მაგრამ ამ ორი ვერსიის გარშემო რაიმე კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.

2009 წელს, რუსლან პაპასკირის, იგივე თემურ მახაურის გვარმა ჩეჩნეთში, რუსეთის ბანდფორმირებების მეთაურის "პოსტზეც" გაიჟღერა... ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელი მხარის სპეცსამსახურების თუ კონკრეტული პირის ორგანიზებული იყო, მაგრამ 2010 წელს, დაბუევის აფეთქებას თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეეცადნენ, თუმცა ის გადარჩა.

რუსული მედიის ინფორმაციით, 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეში მას ძალიან დიდი როლი ჰქონდა და შესაბამისად, ძალზე ძვირფას ინფორმაციასაც ფლობდა... ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ, "ზონამ" მხარდამჭერების დახმარებით, საქართველო დატოვა და თურქეთს მიაშურა...

როგორც ჩანს, რუსლან პაპასკირი "უსაქმოდ" არც იქ ყოფილა. 2012 წლის ნოემბერში, სტამბოლის აეროპორტში დააკავეს და ბრალად 2008-2011 წლებში, თურქეთის ტერიტორიაზე, "კავკასიის იმირატის" რამდენიმე წევრის, მათ შორის, ძალზე გავლენიანი პირის, ალი ოსაევის მკვლელობა წაუყენეს, რომელსაც კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, რუსეთის სპეცსამსახურები ეძებდნენ. მკვლელობა თურქეთში მოხდა, თუმცა თავად პაპასკირი აქ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ ის მისი ახლობელი იყო. გარდა ამისა, მკვლელობის მომენტში ის საქართველოში იმყოფებოდა...

თუმცა, თურქული მხარე ამტკიცებდა, რომ მას ეს არც საქართველოდან გაუჭირდებოდა, რადგან ГРУ- სა და ФСБ-ს მიერ ერთდროულად იყო "დავერბოვკებული" და კოდური სახელიც კი ჰქონდა მინიჭებული - "მოჩვენება".

მოგვიანებით, 2014 წელს, სტამბოლში დაწყებული სასამართლო პროცესი, იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარე პაპასკირისთვის უვადო პატიმრობის სასჯელს ითხოვდა, 2016 წელს, სრულიად მოულოდნელი შედეგით დასრულდა - დაბუევი გაამართლეს და გაათავისუფლეს...

ამის შემდეგ, რუსლან პაპასკირმა, კიდევ ერთი სახელი და გვარი "აიღო" - უკვე "თემურ მახაური" უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც მცირე ხნით ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა.

2017 წლის იანვარში ის კიევის ცენტრში, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. დაბუევი მაშინაც ქართულნომრიანი ML-ის ჯიპით გადაადგილდებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასამართლომ, რატომღაც ისევ "შეიწყალა" - ის "საპროცესო შეთანხმებით" ერთ თვეში გაათავისუფლეს, მაგრამ "ჩეჩნურ ბატალიონში" ვეღარ დაბრუნდა - გარიცხეს...

უკრაინაში მცხოვრები მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, რადგან უკრაინის მხარეს იყო და აღმოსავლეთის ფრონტზე ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. რამზან კადიროვი მას "პირად მტერს" ეძახდა და კონკრეტულად მისი სპეცსამსახურები "ზონაზე" დიდი ხანია ნადირობდნენ... მათივე თქმით, ალი დაბუევის მკვლელობა უკვალოდ არც რუსეთში ჩაივლის და მომავალში ვერც კადიროვი იქნება მშვიდად... მისივე მეგობრების თქმით, ალი დაბუევს ყველაზე რთული სიტუაციიდან საოცრად სწრაფად გამოძრომის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა და არ არის გამორიცხული, "მოჩვენებამ" ამჯერად სხვა, კიდევ ერთი, სახელითა და გვარით კიდევ რომელიმე ქვეყანაში "გაიელვოს". ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით...

კიევში, ალი დაბუევის აფეთქების დროს, მასთან ერთად ავტომანქანაში, მისი მეგობარი ქალი, 32 წლის ნატალია ცელოვალნიკოვა და მისი 8 წლის ქალიშვილი, მაშაც ისხდნენ... ნატალია ცელოვალნიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მის ქალიშვილს სხეულზე სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა, ექიმების თქმით, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გარდაცვლილ ალი დაბუევს მეუღლე ფატიმა და სამი შვილი დარჩა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება