საქართველოს მთელი მასშტაბით სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. რომელ სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი ცნობილმა დედებმა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბეს:
თიკა ჯამბურია (მომღერალი) და მისი ქალიშვილი ნინა ხოფერია
- ნინა წელს პირველად წავა სკოლაში. მინდოდა პირველ საჯარო სკოლაში მიმეყვანა, სადაც მე ვსწავლობდი და ეს სკოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოვახერხე. შემდეგ გავიკითხე კერძო სკოლები და UG სკოლა მირჩიეს. გამიმართლა, მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი და ნინა იქ ისწავლის.
- როგორ ემზადებოდით სწავლის დაწყებისთვის?
- ნინა ძალიან ნიჭიერი გოგოა, მე უფრო სიმღერა და ცეკვა-თამაში მიზიდავდა, ამიტომ ბავშვობაში უფრო ამ კუთხით ვიყავი დაკავებული. ნინა სხვანაირი გოგოა, ზუსტად ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა წყნეთში და მომზადებული შევა სკოლაში. მართალია იაფი არ არის კერძო სკოლის გადასახადი, მაგრამ შვილის განათლებაზე კარგ ინვესტიციას ვერ გავაკეთებ და მზად ვარ, მას სრულფასოვან განათლებაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი.
განო მელითაური (პიარ-მენეჯერი) და მისი ვაჟი თარაშ თოლორდავა
- ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დავასრულეთ. ჩემი უფროსი გოგონა 51-ე სკოლაში სწავლობს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება თარაშს ის წელს პრე-სქულში წავა. ბაგებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა შევარჩიეთ. ჩვენს სახლთან ახლოს არის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. კარგი პედაგოგები ჰყავთ და ამიტომაც შევაჩერე ამ სასწავლებელზე არჩევანი. თარაშს ძალიან უყვარდა ბაღი და იქ მეგობრებიც დარჩა, ისე უყვარს ის ბავშვები, არ არის გამორიცხული მოვძებნო მათი მშობლები და ბავშვებმა მეგობრობა განაგრძონ.
- რა თანხა არის გადასახდელი თარაშის სკოლაში?
- კერძო სკოლაა და ბუნებრივია იაფი გადასახადი არ არის. მე სამ ადგილზე ვმუშაობ, ჩემი შვილების კომფორტისთვის და მით უმეტეს განათლებისთვის, ენერგიას არ ვზოგავ, თან კორპორატიული მოლაპარაკება მაქვს სკოლასთან და უფრო შეღავათიან პირობებს მთავაზობენ.
თათია შარანგია (პიანისტი) და მისი ვაჟი ალექსანდრე შევარდნაძე
- თათია, წელს პირველად მიდის თქვენი მეორე ვაჟი სკოლაში, სად ისწავლის ის და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ სკოლაზე?
- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში, ბედნიერი ვარ, რომ სიხარულით შეხვდა ამ დღეს. ის 3 წლიდან დადის კავკასიის ფრანგულ სკოლაში (ბაღში), სადაც კარგად გაიარა ადაპტაცია, შეეჩვია დისციპლინას, ისწავლა ფრანგული ენა, შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობრები და ფსიქოლოგიურად მოემზადა სასკოლო ეტაპისთვის.
მომწონს სკოლის მასწავლებლების მიდგომა ბავშვებისადმი, ბავშვებს აკვირდებიან ფსიქოლოგები და ინდივიდუალურად შესწავლილი ჰყავთ თითოეული მათგანი. თბილი დამოკიდებულებით შეაყვარეს სწავლა და პასუხისმგებლობას შეაჩვიეს. კარგი ლოკაცია აქვს სკოლას, ვაკის პარკშია და ბავშვი ძალაუნებურად დიდ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე.
- სკოლის შერჩევისას რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?
- როგორც ყველა მშობელს, მეც დიდი სურვილი მაქვს სწორი ფუნდამენტი ჩავუყარო ბავშვის განათლებას სულ პატარა ასაკიდან. ყოველთვის მინდოდა ჩემს შვილებს ბევრი უცხო ენა სცოდნოდათ და ეს სკოლა საუკეთესო საშუალებაა ამისათვის. მომწონს მათი მასწავლებლები, როგორც ფრანგები, ასევე ქართველები. დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არის მშვიდი და გაწონასწორებული, ძალიან მეგობრული. მინდა ჩემს შვილებს ქონდეთ ლაღი ურთიერთობები და სწორი მსოფმხედველობა. ამიტომ მომწონს ჩემი არჩევანი.
- დაახლოებით რა თანხა ღირს ამ სკოლაში სწავლა და რა თანხა დაგეხარჯათ სასკოლო მომზადებაში?
- როგორც ყველა კერძო სკოლა, ესეც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ განათლება არის ყველაზე სწორი ინვესტიცია შვილების აღზრდაში. ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგვიძლია მათ გავუკეთოთ. თუმცა კარგი განათლების მიღება საჯარო სკოლებშიც თავისუფლად შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს მშობლის ჩართულობაა...
- როგორ ემზადება თქვენი ვაჟი სკოლისთვის?
- სანი უკვე წავიდა სკოლაში და წავიდა ძალიან ბედნიერი, სწავლის დიდი სურვილით. სიხარულით ჩაალაგა ჩანთა და გაეშურა სკოლისაკენ.
ალექსანდრა პაიჭაძე (მოდელი, ტელეწამყვანი) და მისი ვაჟი დემეტრე ხატიაშვილი
- სასწავლო წლისთვის განსაკუთრებული მზადება არ გვქონდა. დიდი ფიქრის შემდეგ დემესთვის წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა შევარჩიე, სადაც ბევრი სპორტული აქტივობით იქნება ბავშვი დაკავებული. რაც ძალიან მახარებს და მაწყობს.
მანამდე სახლთან ახლოს სახელმწიფო ბაღში დამყავდა, შემეძლო ბაღში დამეტოვებინა, მაგრამ რადგან მაღალია და დაიჩაგრებოდა, ამიტომ სკოლაში წავიყვანე. ბევრ ჩემს ნაცნობს დაყავს ამ სკოლაში ბავშვი. სნობურად არ შემირჩევია ეს სკოლა. მთავარი რაც არის ბავშვის განათლებისთვის, კარგი პედაგოგები და აქტივობები, ამ მოთხოვნებს ეს სკოლა ნამდვილად აკმაყოფილებს.
- რა თანხა ჯდება ამ სკოლაში სწავლა?
- დაახლოებით 5000 ლარი ჯდება ამ სკოლაში სწავლა. თავად დემეტრე ვერ ხვდება, რა არის სკოლა და რა უნდა გააკეთოს. ახლა ვარჩევთ ჩანთას, რომლითაც სკოლაში ივლის.
ხატია სიჭინავა (ჟურნალისტი) და მისი ქალიშვილი გაბრიელა ნოზაძე
- გაბრიელა 5 წლის რომ გახდა, შუმანის ფრანგულ სკოლაში შევიყვანე მოსამზადებელზე, მანამდე ბაღში დადიოდა. გასული წელი ნამდვილად სამზადისს დაეთმო, ასწავლეს წერა-კითხვა, განუვითარეს პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ და ზოგადად, შეუქმნეს ისეთი გარემო, რომ პირველ კლასში სწავლა და რეჟიმში ყოფნა არ გაუჭირდეს.
- რა პრიორიტეტებით შეარჩიეთ ეს სკოლა?
- პირველ რიგში მომეწონა ის, რომ აქვთ ფორმები, მივესალმები სკოლებში ფორმის არსებობას და იმას, რომ ბავშვი დილას ჩაცმაზე არ ფიქრობს. გარდა ამისა, ბავშვებს არ უწევთ ჩანთების ტარება. სკოლაში ტოვებენ წიგნებს და რვეულებს, რადგან იქვე მეცადინეობენ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჩვენს სკოლაში ბავშვებს არ ურიგებენ ლეპტოპებს.
- რა ღირს გაბრიელას სკოლაში სწავლა?
- საშუალო დონის სკოლად ითვლება და გადასახადი 4000 ლარია წელიწადში. კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით და ვემზადებით სკოლისთვის.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge