ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა ლვოვშია და თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ლვოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმროში "Leopolis"-ში გაჩერდნენ.
როგორც booking.com-ზე ვკითხულობთ, სასტუმრო "ლეოპოლისი" ლვოვის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროდან სამი წუთის სავალზეა ლვოვის ოპერის თეატრი და ქალაქის კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ "ევრო 2012"-ის დროს, ამ სასტუმროში იყო განთავსებული "უეფა"-ს შტაბბინა.
2010 წელს სასტუმრომ დაიმსახურა World Travel-ის პრემია ნომინაციაში "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო".
სასტუმროს სტუმრების განკარგულებაშია მდიდრული ნომრები, უფასო სპა-სალონი და სატრენაჟორო დარბაზი, ფინური და ინფრაწითელი საუნა და ა.შ. ყველა ნომერი აღჭურვილია მინი-ბარით, თანამგზავრული არხებით, აბაზანით და იატაკის გათბობით.
რაც შეეხება სასტუმროს რესტორანს, აქ სტუმრებს უმასპინძლდებიან როგორც უკრაინული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებით. არის ღვინის ბარი ფართო არჩევანით. სასტუმროს ბიბლიოთეკა კი ბევრი სტუმრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია - დასვენებისა და ჭიქა ღვინოსთან წიგნის კითხვის საუკეთესო საშუალება.
უცნობია რა ტიპის ნომერშია გაჩერებული საქართველოს ექსპრეზიდენტი, თუმცა booking.com-ის მიხედვით, ლუქსისა და VIP-ნომრის ღირებულებები დღე-ღამის განმავლობაში 450-600 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ლუქსისა და VIP-ნომრის სერვისში შედის: მომსახურება ნომერში, მასაჟი ნომერში, რეცხვის, ქიმწმენდისა და დაუთოვების სერვისი.