ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში", სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სურთ მიხეილ სააკაშვილს შეატყობინონ, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი "შეგინის" გამშვებ პუნქტზე.
სამართალდამცველები სასტუმროში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მივიდნენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, თუმცა მესაზღვრეებს პირადად სააკაშვილისთვის სურთ პროტოკოლის გადაცემა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, თუ რატომ მივიდნენ პოლიციასთან ერთად იმ სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა.
"ჩვენ პოლიციის თანამშრომლები გამოვიძახეთ, რათა მათ უზრუნველყონ ჩვენი უფლებამოსილება გავაფორმოთ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა დაარღვია და არაკანონიერად მოხვდა უკრაინის ტერიტორიაზე. წარმოება ხდება "სახელმწიფო საზღვრის ჯგუფური დარღვევის" მუხლით. ეს ადმინისტრაციული კოდექსია", - განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.