გადაცემა, რომელიც 15 წელია აღვიძებს საქართველოს: "გვიყვარს ჩვენი მაყურებელი და მუდმივად თქვენზე ვფიქრობთ..."

გადაცემა, რომელიც 15 წელია აღვიძებს საქართველოს: "გვიყვარს ჩვენი მაყურებელი და მუდმივად თქვენზე ვფიქრობთ..."

"15 წლის გავხდით!" - გვეუბნება "რუსთავი 2"-ის "დილა მშვიდობისა საქართველოს" მთავარი პროდიუსერი ნინო არაზაშვილი, რომელიც პროექტის ეთერში გასვლის პირველი დღიდან იქ მუშაობს...

დღეს გადაცემამ თავისი მე-16 სატელევიზიო სეზონი ისეთივე იმედებით, ენთუზიაზმით და ენერგიულად გახსნა, როგორც 15 წლის წინ... ამ ამბავმა წარსული მეც გამახსენა და ისიც, გადაცემის ეთერში გასვლამდე, თუ როგორ ჩავწერე პირველმა ამ სიახლეზე ინტერვიუ წამყვან ნატა ამაღლობელთან. მახსოვს ისიც, თუ რა მოლოდინები და სურვილები ჰქონდათ მაშინ გუნდის წევრებს...

ნინო არაზაშვილი ამ გადაცემაში კასტინგის შედეგად მოხვდა, თუმცა 12 წელი, მანამდე ("მეორე არხიდან" მოყოლებული) "მაესტროს" გუნდთან მუშაობდა.

"კასტინგი გამოცხადდა, დილის გადაცემის ჟურნალისტებს ეძებდნენ და მხოლოდ ორნი: მე და გიორგი გვიშიანი აგვიყვანეს... წამყვანი იყო ნატა ამაღლობელი, "დილის კურიერი" ნინო ჯაფიაშვილს მიჰყავდა, პრესას დავით კიკალიშვილი მიმოიხილავდა, პირდაპირ ჩართვებზე ნატა ნიჟარაძე იყო, სპორტს დიმა ობოლაძე უძღვებოდა," - გვიყვება ნინო, რომლისთვისაც ეს გადაცემა უკვე დიდი ხანია, ცხოვრების ნაწილად იქცა.

AMBEBI.GE-ს მთავარი პროდიუსერი ესაუბრება იმაზეც, თუ რა იყო მისთვის და ზოგადად, ''დილის'' გუნდისთვის ეს წლები, რომელიც საყვარელი საქმის კეთებაში ერთად გაატარეს:

- 15 წლის განმავლობაში ბაზარზე იყო უპირობო ლიდერი, გრძნობდე იმას, რომ ამდენი წელი, საქართველოს მოსახლეობა დილიდან "რუსთავი 2"-ს ირჩევს და შენ გიყურებს, დიდი პასუხისმგებლობაა... მე საკუთარი აზრი მაქვს იმაზე, - რატომ უყურებენ გადაცემას ამდენი წლის მანძილზე: ყოველთვის დიდი ოჯახის წარმომადგენელი ვიყავი, სადაც 1 წლიდან დაწყებული, 70 წლამდე ასაკის მქონე სხვადასხვა სქესის, გემოვნების ადამიანი იყო თავმოყრილი, რომელთაც ვაკვირდებოდი, ჩვენს გადაცემაში ვინ, რა მომენტში, რას და რამდენ ხანს უყურებდა. ეს დაკვირვება დიდად მეხმარებოდა იმაში, რა შემეცვალა გადაცემაში, თუმცა, ჩვენი წარმატების მთავარ საიდუმლოს, "ხეზე ასვლას," რა თქმა უნდა, მაინც ვერავის ვასწავლი... ეს ის არის, რაც თავის დროზე უცხოელებმა გვასწავლეს, როდესაც პირველად დილის გადაცემას ვნერგავდით...

არ მინდა, შეცდომა დავუშვა და ცოტა უხერხულ ნათქვამადაც გამომივიდეს, მაგრამ ვერ ვიხსენებ ჩემ გარშემო ჟურნალისტსა და პროდიუსერს, ვისაც 15 წელი ერთ არხზე, ერთ ყოველდღიურ გადაცემაზე უმუშავია, რომელიც ეთერში ორსაათ-ნახევარი, საოცარი რეჟიმით გადის. ეს ყველაფერი კი ჩემი საქმის, გადაცემის, გუნდის, რაც მთავარია, არხის დიდ სიყვარულს ეფუძნება... საქმე ნულიდან ავაწყვეთ... არხმა, თავისი კრიზისული დღეებით ბევრ რამეს გაუძლო და მათ შორის, ფინანსურ კრიზისს უძლებს... 

ყველამ იცის, რომ ჩვენთან ახლა საშინელი უხელფასობის პერიოდია, რაც თვეებია გრძელდება. მიუხედავად ამისა, ყველა თავის საქმეს აკეთებს, რადგანაც ერთმანეთს ვუთხარით, რომ თუ ამ პერიოდს გადავიტანთ, ისევ ერთად ვიქნებით. თან, ასეთ დროს არაფრით შეიძლება პირველობა დათმო! მჯერა, ეს ეტაპიც გადაივლის, რომელიც "რუსთავი 2"-ს არ ახსოვს. ადამიანების ნაწილი, მათ შორის, საკვანძო რგოლის ხელმძღვანელებიც წავიდნენ, მაგრამ ახალ სატელევიზიო წელს ახალი დეკორაციებით მაინც ვხსნით... მინდა, შევეხო იმ ღირებულებებს, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა სხვა არხის დილის გადაცემებიდან.

ჩვენ არ შეიძლება გამოგვრჩეს დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, რადგანაც ხშირად ადამიანები ჩვენი გადაცემით გეგმავენ დღის განრიგს - სად წავიდნენ, რომელ ღონისძიებას დაესწრონ. ასევე დიდი შრომისა და სადღეღამისო მუშაობის შედეგია ის, რასაც პატივს სცემს ჩვენი მაყურებელი და ხედავს, რომ მთავარ სახეებს სტაბილურად ვინარჩუნებთ, რაც სტაბილურობის და სანდოობის დიდი მონაპოვარია. ხშირად ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ თემებს, ვაკვირდებით, რამდენად დიდი რაოდენობით ინტეგრირებული რეკლამა შემოდის გადაცემაში. ბიზნესწრეებს ყოველი ახალი პროდუქტის, კომპანიის, ფილიალის გახსნა, პრეზენტაცია ჩვენს გადაცემაში უნდათ, რაც შემდგომ მათ გაყიდვებზე კარგად აისახება და მე-15 სატელევიზიო წელმა რეკლამების თვალსაზრისით, ყველანაირი რეკორდი მოხსნა...

- წლების მანძილზე მუდმივად სიახლეების ძიებაში იყავით და არაერთი საინტერესო რუბრიკა გქონიათ. წელს რა არის თქვენი მთავარი სიახლე?

- ჩვენი გუნდის კარგად ნაცნობ სახეებს მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს, რითაც ამ ადამიანების რესურსი კიდევ უკეთ იქნება წარმოჩენილი...

- "ამინდის პროგნოზი" რჩება ძალაში? მასში ხომ უმეტესად მოწვეული (ცნობილი და უცნობი) ადამიანები მონაწილეობენ...

- რა თქმა უნდა, ძალაშია იმავე ფორმატით, რადგაც ვფიქრობთ, რომ ესეც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მონაპოვარია. პირველებმა შევთავაზეთ მაყურებლებს ადამიანები, რომელბსაც იმიტომ კი არ მიჰყავთ ამინდი, რომ გარეგნულად მომხიბვლელები არიან, არამედ იმიტომ, რომ იმ დღეს და საერთოდაც, რაღაცით საინტერესონი არიან. მათ შორის შეიძლება იყოს არტისტი, რომელიც იმ დღეს რაიმე დიდი ღონისძიებისთვის ემზადება, სპორტსმენი, რომლსაც მნიშვნელოვანი ასპარეზობა აქვს წინ, მხატვარი, რომელიც გამოფენაზე ეპატიჟება დამთვალიერებელს და თავისი ექსპოზიციის შესახებ ყვება, ექიმი, რომელიც უნიკალური ოპერაციისთვის ემზადება, ან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი, რომელიც სამშობლოშია ჩამოსული და ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, ასე რომ, "ამინდის პროგნოზის" წამყვანი ნებისმიერი შეიძლება გახდეს...

- 15 წლის მანძილზე მაყურებელში დიდი პოპულარობით გადაცემის რა სეგმენტი სარგებლობს?

- სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ ყოფილა, მაგალითად, სიუჟეტების სერია, "ვის როგორი დილა აქვს", ანუ ამ თემაზე სხვადასხვა ოჯახში სიუჟეტები მზადდებოდა, - როგორ საუზმობენ, რას ირჩევენ, როგორ ჩქარობენ. მისი ყურებისას მაყურებელი საკუთარ თავსა და რესპონდენტის ოჯახთან მსგავსებას პოულობდა. გვქონდა ასევე რუბრიკა - "ცნობილი ადამიანები რეპორტიორების ამპლუაში," თითოეულს ვაკეთებინებდით რეპორტაჟს...

დიდი წარმატებით გამოირჩეოდა 2005-2007 წლებში ჩემი საავტორო პროექტი - "უსმინე ცოცხალს", სადაც ყველა მუსიკალური ჯგუფი, ცოცხლად შესრულება ვისაც შეეძლო, მონაწილეობდა. მაშინ ამით პროტესტს გამოვხატავდით ქართულ ესტრადაზე ძველი, საბჭოთა გადმონაშთის, სენის წინააღმდეგ, რასაც პლუს ფონოგრამა ერქვა. რუბრიკა ყოველდღე გადიოდა და ბვერი ჯგუფი წარმოჩინდა, დაშლილი ჯგუფებიც ერთიანდებოდნენ და უკრავდნენ...

და რაც მთავარია, გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი სტუმარია, რომელიც სასურველია, პირველად ჩვენთან ჰყვებოდეს, იმ კვირაში რა თემას ირჩევს, რაზე მუშაობს და ამ ყველაფერს მაყურებელი სწორედ ჩვენი ეთერით იგებდეს. "დილის კურიერის" მთავარი სამუშაო პრინციპი კი ის გახლავთ, რომ სანამ მაყურებელს სძინავს, არ უნდა გამოგვრჩეს, რაც იმ ღამეს მოხდება. დიახ, ის დილით მაყურებელმა "დილის კურიერიდან" უნდა გაიგოს. ამიტომ არაერთი პროცესი, ამბავი, ფაქტი, მოვლენა ყოფილა სწორედ გვიან ან შუა ღამით...

- 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, უთენია ენერგიულად სამსახურის დაწყება პირადად თქვენგან რა ადამიანურ რესურსს მოითხოვს. როგორ უძლებთ?

- ვისაც ასე ადრე უწევს გაღვიძება, ცხადია, ამასთან შეგუება წარმოუდგენელი რამ არის, რადგანაც ვინც დილით ადრე დგება, ფაქტობრივად, საღამო არ აქვს, ან ადრე უნდა დაიძინოს, რომ მეორე დღეს სრულფასოვნად შეძლოს საქმის კეთება, ან ძალიან გაუჭირდება... მოკლედ, ჩვენი რეჟიმის გამო ბევრ რამეზე ვამბობთ უარს, თუმცა თითოეული ბედნიერი ვართ იმით, რომ ცხოვრებაში ჩვენი საყვარელი საქმე ვიპოვეთ და ალბათ ეს არის მთავარი!

გამოვითვალეთ და 15 წლის განმავლობაში, 4.000-ზე მეტი ეთერი გვქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო გამოთვლებით, დილით 20.137 რესპონდენტი გვყავს გაღვიძებული...

- ვინ აღვიძებს ამ ადამიანებს?

- გამღვიძებელი პროდიუსერი, გარდა იმისა, რომ აკონტროლებს წამყვანების დროულად სამსახურში მოსვლას, რესპონდენტებიც უნდა გააღვიძოს, რომ დროულად ჩაუსხდნენ მძღოლებს მანქანაში. დიახ, "რუსთავი 2" იმ რესპონდენტებისთვის, რომლებიც ჩვენს ეთერში მოდიან, ასე იწყება...  

- მაყურებელს ჩვენი საშუალებით რას ეტყოდით?

- როდესაც ჩვენ მიერ განვლილ გზას, ისტორიას თვალს ვადევნებთ, პასუხისმგებლობა გვიათმაგდება. გვინდა, ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, თუ რამდენად ბევრს მუშაობს ჩვენი გუნდი იმისთვის, რომ დილას მათ საინტერესო სატელევიზიო მენიუ შევთავაზოთ. იცოდნენ, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას და ყოველთვის, ყოველ საათში, უკეთესი და საინტერესო თემების შევთავაზება გვინდა... ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ დაგეგმილი გადაცემა, აგვიყირავებია, რადგანაც მოვლენები, ამბები სხვაგვარად შეცვლილა, აქტუალური სხვა რამ გამხდარა...

გადაცემაში ისეთი რესპონდენტები გვყოლია, რომლებიც დილის 5 საათზეც გაგვიღვიძებია და ჩვენთან მოსვლაზე შეგვითანხმებია... როდესაც არხს უჭირდა, ღამე 3 საათიდან ვრეკავდით და ვერავის ვაღვიძებდით, ვინც გვიპასუხა, გადაცემაში მოსვლაზეც უარი არავის უთქვამს: მათ შორის, ზვიად ციკოლიამ, ნანკა კალატოზიშვილმა... მინდა, მადლობა გადავუხადო მაყურებელს, რომელიც 15 წლის განმავლობაში, დილას გვიყურებს! მადლობა, რომ ჩვენი არხის ყველაზე კრიზისულ დღეებშიც გვერდით იყავით! ასე რომ, გვიყვარს ჩვენი მაყურებელი და მუდმივად თქვენზე ვფიქრობთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი