"აქ მას ბევრად მეტი უჭერს მხარს, ვიდრე საქართველოში..." - რას ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სააკაშვილის დაბრუნებაზე

"აქ მას ბევრად მეტი უჭერს მხარს, ვიდრე საქართველოში..." - რას ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სააკაშვილის დაბრუნებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გუშინ მხარდაჭერების დახმარებით რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, ამჟამად ლვოვში იმყოფება და სამომავლო გეგმებს აწყობს თანამებრძოლებთან ერთად.

ყოფილი გუბერნატორის უკრაინაში დაბრუნებას ის ქართველი მეომრებიც ეხმაურებიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდანვე ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი ამბობს, ექსპრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა მოტივაციაა, რადგან არა მხოლოდ სამხედროებში, ზოგადად, უკრაინულ საზოგადოებაში, მას როგორც რეფორმატორს ისე იცნობენ და ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს...

- ჩემი განწყობა, რა თქმა უნდა, დადებითია, წინააღმდეგი როგორ უნდა ვიყო?! რაც შეეხება, მის ჩასვლას, უკრაინისთვის საბედნიეროდ, ჯერ ყველაფერი წინ არის... ვარაუდები არ მიყვარს, მაგრამ ფაქტი ერთია - უკრაინამ მიშასთან ერთად, თუ მის გარეშე იმის მესამედი მაინც რომ გააკეთოს, რაც ჩვენთან, საქართველოში მიშას დროს გაკეთდა, ევროპის უძლიერესი ქვეყანა გახდება და თანაც ძალიან მალე... რაც შეეხება, ჩემს მოტივაციას, მე 1989 წლის 9 აპრილიდან საკმარისი ენთუზიაზმი და მოტივაცია მაქვს... 1992 წლიდან ფორმა არ გამიხდია და არც გავიხდი... რაც უნდა მომხდარიყო, მიშა რომც არ ჩამოსულიყო, ეს მაინც არ შეცვლიდა ჩვენს განწყობას, - ჩვენ ომს გავაგრძელებდით... ამას ვერანაირი პოლიტიკური სიტუაცია, უკრაინაში კორუფციის არსებობა თუ არ არსებობა ვერ შეცვლის, სანამ ომია და სანამ მტერი გვყავს, ჩვენ ვიბრძოლებთ...

რა თქმა უნდა, თუ უკრაინაში დალაგდა სიტუაცია და მართლაც, ნამდვილი რეფორმები განხორციელდა, ყველა უკრაინელი თუ არაუკრაინელი მებრძოლის ბრძოლას მეტი შედეგი ექნება და ომსაც უფრო მალე და ნაკლები დანაკარგებით მოვიგებთ... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პერსონას და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, - შესაძლოა, საქართველოში ბევრს არ ესმის ან დაავიწყდა რა ხდებოდა 2003 წლამდე. უკრაიენელების ნაწილს რომ არ ესმოდეს, რა არის გასაკვირი, როდესაც საქართველოში დაავიწყდა ხალხს?! თუმცა, ფაქტია, რომ უკრაინაში მართლაც ბევრი რამ არის შესაცვლელი და გასაკეთებელი..." - ამბობს ქართველი მეომარი.

იმ საკითხს, რომელსაც რუსულ, უკრაინულ და დასავლურ მედიაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, - კონკრეტულად, თუ რატომ გაატარეს მესაზღვრეებმა სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ათითქმის უპრობლემოდ, ირაკლი ქურასბედიანი ასე პასუხობს:

"მე შემიძლია ჯარზე ვილაპარაკო. პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, 2014 წლის შემდეგ, უკრაინულ ჯარში, კონკრეტულად, მებრძოლებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა... უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდათ. მეოთხე წელია ომი მიდის და ეს ლოგიკურიც არის, რაღაცეები გადააფასეს, თუმცა ისიც ნათელია, რომ ზოგადად სისტემა და მენეჯმენტი ჯერ კიდევ საბჭოურია. თუმცა, მთლიანობაში, იმას ალბათ ყველა ხედავს, რომ სისტემა ვერ მუშაობს და შესაცვლელია. საზღვარზე უბრალო ჯარისკაცები იყვნენ... ეს რომ სხვაგან ყოფილიყო, იქ, სადაც ტიტუშკები ჰყავდათ მობილიზებული, ასე მარტივად არ გამოვიდოდა...

რაც ვიცი, მიშას უკრაინაში შემოსვლის გეგმა და გადასასვლელი ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა და სავარაუდოდ, მათ მობილიზება და დროული რეაგირება ვერ მოახერხეს... ისე კი, ერთი რამ მინდა ვთქვა, - უკრაინაში, პროცენტულად მგონი ბევრად მეტი უჭერს მას მხარს, ვიდრე საქართველოში... ფაქტი გუშინ მგონი სახეზე იყო"- ამბობს ირაკლი ქურასბედიანი.

კითხვას, როგორი იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების რეაქცია თუ ადგილობრივი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დააკავებს, ქურასბედიანი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამის გაკეთებას უკვე ვეღარ გარისკავს, რადგან ეს მათ საფრთხეს შეუქმნის, თუნდაც იმიტომ, რომ საზღვარზე შემოსვლის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა ერთი-ორად გაიზარდა:

"კიდევ უფრო მოიმატებს მისი ძალა. ახლა უკვე ისეთებიც დაუჭერენ მხარს, ვისაც აქამდე ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ ან მიშა გულზე სულაც არ ეხატებოდათ, რადგან ძალა დაინახეს... ეს პოლიტიკაა და ასე ხდება ხოლმე... რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას - მეეჭვება დაკავებაზე წავიდნენ... თუმცა, თუ დავუშვათ, - ეს მართლაც ყველაზე უარესი სცენარი განვითარდა, ისევ მათ მოუბრუნდებათ უკან ცუდად... თუმცა, მე პირადად, ამის გამო, იქიდან ნაწყენი არ გამოვიქცევი, - პროფესიონალი მეომარი ვარ და ომს გავაგრძელებ... ყველაფერი შიდა პოლიტიკური გარჩევები ხომ არ არის?! ჩვენ რუსეთს ვებრძვით და ეს ბრძოლა მარტო ფრონტის ხაზი არაა, ეს გლობალური ომია და იგი ყველა დონეზე და სიღრმეზე მიმდინარეობს... ეს ის ომია, რომლის შედეგიც შეცვლის მსოფლიო რეალობას უახლოესი 100 წლით მაინც" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ქურასბედიანი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE