რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას აქტიურად ადევნებს თვალს. საქმე ის არის, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის თავს გადახდენილ ამბებზე ქილიკთან ერთად, არც "საცოდავი", "დაუცველი", "სასოწარკვეთილი" უკრაინელი მესაზღვრეები ავიწყდებათ, რომლებიც "მიშას მხარდამჭერებმა "ქაღალდივით დაკუჭეს..."
"Грузинский таран" ("ქართული შემანგრეველი"); "დაბრუნება თვითპიარისთვის" - რუსულ მედიაში ამ სათაურებით შეხვდებით სტატიებს, რომლებიც სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევასა და ლვოვში ჩასვლას ეხება.
რუსული მედიის გარდა აქტიურობენ უკრაინელი და რუსი სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე გადასვლას სასაცილო მემეები მიუძღვნეს.
"Грузинский таран" - პოროშენკოს ყოფილმა მრჩეველმა უკრაინაში მესაზღვრეებს გადაუარა" - წერს რუსული საინფორმაციო გამოცემა Lenta.ru, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინაში შესვლას ვრცელ სტატიას უძღვნის.
"მიხეილ სააკაშვილმა, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის საზღვარი გაარღვია და ქვეყანაში შეაღწია. მის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს უკრაინელმა მეომრებმა და ასე შეაღწიეს ქვეყანაში... მას მხარდამჭერები მიშა და Слава Украине!-ს შეძახილებით დახვდნენ... ის უკრაინაში შესვლას მატარებლით გეგმავდა, მაგრამ ამის ნება არ დართეს. მათი განცხადებით, - ვიდრე პერსონა, რომელსაც უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს, მატარებელს არ დატოვებს, ის არ დაიძვრება. შემდეგ მან გეგმები შეცვალა და ცოლ-შვილთან ერთად, უკრაინის საზღვრამდე ავტობუსით გაემგზავრა...
ჟურნალისტებთან საუბარში მან თავისი თავი ევროპაში მოწანწალე კომუნიზმის აჩრდილსა და ვლადიმერ ლენინს შეადარა. "როგორც ადრე კომუნიზმის აჩრდილი დადიოდა ევროპაში, ისე ვარ ახლა მე..." - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, "ცუდი შედარებაა, მაგრამ ასი წლის ვლადიმირ ლენინმა საზღვარი ნახშირით დატვირთული ვაგონით გადაკვეთა. ხედავთ? მე ვაგონის გარეშე ვარ. ეს უკვე პროგრესია", - იხუმრა მან...
მიხეილ სააკაშვილმა ბუფერული ზონიდან უკრაინელ მესაზღვრეებს მიმართა, რომ სანამ ისინი სისხლს ღვრიდნენ, მათი "ბარიგა-პრეზიდენტი და დანარჩენი ბარიგები მილიარდებს გამოიმუშავებდნენ".
გაცილებით სარკასტულია კომსომოლსკაია პრავდას ჟურნალისტი: "...შებინდდა... უკრაინისკენ მიმავალ სააკაშვილს, პოლონეთის მხრიდან არავითარი პრობლემა არ შექმნია, თუმცა, უკრაინულ პოლიტიკაში დაბრუნების მსურველ ქართველ ექს-პრეზიდენტს, იქ მორიგი სიურპიზი ელოდა... მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, ის მაინც მივიდა უკრაინელ მესაზღვრეებთან და მათ წინაშე იმპროვიზირებული მიტინგი გამართა...
სიტუაციას ეტყობოდა, რომ ძალის გამოყენება არავის უნდოდა. თუმცა, ამ დროს, უკრაინული მხრიდან ხალხის მასა წამოვიდა, რომლებმაც უკრაინელი მესაზღვრეები ქაღალდის ფურცელივით დაკუჭეს, სააკაშვილს მეგობრული ალყა შემოარტყეს... ამ დროს გარშემომყოფებისგან მხოლოდ უკრაინული კი არა, რუსული საუბრებიც ისმოდა... ის ხელში აიყვანეს და ამ დროს მისთვის პასპორტი უკვე აღარავის მოუთხოვია... არის თუ არა ეს სააკაშვილის ისტორიის ფინალი, თუ კიდევ ახალ-ახალ სიურპრიზებს მოაწყობს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მისი უკრაინაში დაბრუნება საცირკო წარმოდგენას ჰგავს..." - წერს გამოცემა.
"Дураки без границ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ფემინისტური ორგანიზაცია FEMEN-ის წარმომადგენლები კიევში", - წერს რუსი ჟურნალისტი დანა ბალანი, რომელიც სააკაშვილისა და პოროშენკოს შეთანხმებულად მოქმედებაზე საუბრობს.
Мишико освобожденный - ამ სათაურითა და კარიკატურით გამოეხმაურმა "რია ნოვოსტი" მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს. გამოცემა წერს, რომ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს, რომელიც ალბათ ერთადერთია, ვინც ერთი ქვეყნიდნ მეორეში ამ გზით მოხვდა, სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, - "მე ველოდები ჩემს მეუღლესა და შვილს... ასევე მზად ვარ, თავი შევწირო უკრიანასა და იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ..."
russian.rt.com - სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ვრცელ სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ეს იყო "დაბრუნება თვითპიარისთვის". გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის 332-ე მუხლით, რაც ნიშნავს, რომ მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აკვეთა ემუქრება...
"დარეკლამებულ დაბრუნებას" უწოდებს BBC-ს რუსული სამსახური მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას, სადაც მისმა ასობით მხარდამჭერმა "დაუცველ მესაზღვრეებს" გადაუარა, რა დროსაც, 16 ადამიანი დაშავდა.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის საკითხზე მსჯელობისას, რუსული მედია ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, - მათ რუსი მესაზღვრეების მაგალითი მოჰყავთ და ცდილობენ გაარკვიონ, გაისროდა თუ არა რუსი მესაზღვრე "საზღვრის მასობრივად გადაკვეთის შემთხვევაში?!"
ლალი პაპასკირი