ბოლო დღეებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი "ირმა" უტევს. ქარის სიჩქარის გამომთვლელის დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ "ირმა" ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ისტორიაში. ქარის სიჩქარე უკვე აღწევს 295 კილომეტრს საათში. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემებით, უმაღლესი, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ "ირმას" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, სტიქია ფლორიდასა და კუბას უახლოვდება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციას მაიამის ტერიტორიაზე პროგნოზირებენ. უფრო ადრე სტიქია კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა. ყველაზე დიდი ზარალი ბარბუდის კუნძულს მიადგა. ტერიტორიაზე თითქმის ყველა ნაგებობა დანგრეულია.
წითელი ჯვრის მონაცემებით, სტიქიამ ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დააზარალა, 26 მილიონს კი საშიშროება ემუქრება.
"ეს ტორნადოს მსგავსია", - ამბობს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მეტეოროლოგი ჯეფ ვებერი.
აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის პროგნოზის მიხედვით, კვირას, 10 სექტემბერს სამხრეთ ფლორიდაში იქნება ძლიერი ქარი, წვიმა და სანაპიროზე შტორმი.
რატომ გახდა "ირმა" ასეთი ძლიერი, ინტენსიური და საშიში?
კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერის, ფილ კლოცბახის თქმით, ქარიშხლის სიძლიერე განისაზღვრება სამი ძირითადი ფაქტორით: "წყლის ტემპერატურა, ქარი და ატმოსფეროს ტენიანობა. თბილი წყალი და ატმოსფეროს ტენიანობა ქარიშხალს ენერგიას აძლევს. ქარის სუსტი მოძრაობა
კი, რაც ნიშნავს სიმაღლესთან ერთად, ქარის მიმართულების მცირე ცვლას, მით უფრო ინარჩუნებს ქარიშხალს ლოკალურად და აძლიერებს".