"ეს სიტყვები მომიტრიალდა და ცოლ-შვილი კინაღამ გამომეწვა..." - როგორ გადაურჩა დიმიტრი ლორთქიფანიძის ოჯახი ძლიერ ხანძარს

"ეს სიტყვები მომიტრიალდა და ცოლ-შვილი კინაღამ გამომეწვა..." - როგორ გადაურჩა დიმიტრი ლორთქიფანიძის ოჯახი ძლიერ ხანძარს

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ყოფილ დეპუტატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში, 5 სექტემბერს, 2-სართულიანი სახლი დაეწვა, სადაც მისი მეუღლე, სამი შვილი და სიდედრი იმყოფებოდნენ, რომლებიც ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვასა და დაწვას.

ცეცხლი ღამე გაჩნდა, მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ, ხოლო ბატონი დიმიტრი თბილიში იმყოფებოდა... როგორც თავად ამბობს, სახლ-კარი სოფელ ჩინთში სააგარაკედ არც ისე დიდი ხნის წინ შეიძინეს, სადაც მის ოჯახს ყოფნა ხშირად უწევდა, რადგან სოფელი თბილისთან შორს არ არის.

ხანძარი ლორთქიფანიძეებთან დაახლოებით ღამის 01:30 საათზე გაჩნდა, რომელსაც დილის 07:30 საათამდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები აქრობდნენ.

"ხათუნა, ჩემი მეუღლე უეცრად კვამლის სუნმა და ლაწა-ლუწის ხმამ გააღვიძა. თვალი რომ გაახილა, ოთახში კვამლი იყო. ფანჯარაში გადაიხედა და პირველი სართულიდან ცეცხლის ალი გამოდიოდა, პრაქტიკულად ხანძარი მძვინვარებდა, რის გამოც რაღაცები იმსხვრეოდა. მას გადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო, ბავშვს ხელი მოჰკიდა, გვერდით ოთახში გავიდა, რომ დედა გაეღვიძებინა, სადაც ასევე ჩემი 2 შვილიც იმყოფებოდა. კარი რომ გახსნა, ოთახში შავი კვამლი შემოვარდა. უკვე ქვედა სართულიდან შიგნით სახლში ამოსულიყო. კვამლმა მოგუდა, სუნთქვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ინსტიქტურად ყვირილით დერეფანში მიიწევდა...

პანიკა დაეწყოთ, გასასვლელისკენ ყვირილით გაიქცნენ, სადაც არაფერი ჩანდა. ბოლოს, როგორღაც, ხელის ფათურით, რკინის კარამდე მიაღწიეს, თუმცა ამასობაში მოიწამლნენ, კვამლი დიდი რაოდენობით ყლაპეს. ჩემი სიდედრი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, გარეთ გამოსულებმა შვება იგრძნეს და რკინის კარი მიკეტეს. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ მეორე სართულიდან ვერ ხტებოდნენ, სხვა გამოსასვლელი აღარ არსებობდა. დაიწყეს ყვირილი, შველას ითხოვდნენ და სწორედ მაგ პერიოდში მეც დამირეკა - ვიწვით! ვიწვით! მეტი ვერაფერი მითხრა. არ იცით, ღამის 2 საათზე ამ ზარმა და მისმა ასეთმა ხმამ რა დღეში ჩამაგდო. არანორმალური სისწრაფით გავვარდით მე და ჩემი უფროსი შვილი, რა სიჩქარით მიდიოდა ჩემი მანქანა, არ მახსოვს. 45 წუთში ჟინვალში ვიყავი. ჟინვალთან რომ გადავუხვიე, დავინახე, ჩვენი ეზოდან ამომავალი კვამლი და ცეცხლის ალები, როგორც ასანთის კოლოფს, სახლს ისე ეკიდა...

112-ში, იმ დროისთვის, ჟინვალის მაცხოვრებლებისგან რამდენიმე ათეული ზარი შევიდა... გვერდით მეზობლებს, ბატონი თემურ ჯაფარიძის ოჯახს მინდა, მადლობა გადავუხადო, თუმცა მადლობა არ არის საკმარისი. ჩემების კივილზე აივანზე მათი სიძე, ბატონი კონსტანტინე გამოსულა, რომელმაც პირველმა მიირბინა ჩვენთან. სახლს უზარმაზარი კიბე მიადგა, მაგრამ არ ეყო, მერე ჩვენი კიბეც მიამატა, რომელიც მხრებზე შეიდგა და ასე სასწაულად მოახერხა მათი მეორე სართულიდან ჩამოყვანა...

პოლიციაც ძალიან სწრაფად მოვიდა. მადლობა დუშეთის პოლიციის უფროსს, 112-ში შეტყობინებისთანავე გამოვიდა შემთხვევის ადგილზე; მადლობა ასევე ინსპექტორ-გამომძიებელს ჟანი ნაცვლიშვილს. სახანძრო, როგორც მითხრეს, ნახევარ საათში მოსულა, არადა, ნახევარ საათში უკვე ყველაფერი დაიწვა... ერთი ბრიგადა დუშეთიდან იყო, ერთი მცხეთიდან დაემატა, რამდენიმე ბრიგადა თბილისიდან და ცეცხლს ვერ აქრობდნენ.

სამწუხაროა, რომ სახანძრო ბრიგადებს არ აქვთ ქაფი, არ გააჩნიათ სპეციალური ეკიპირება, რომლითაც ცეცხლის კერას მიუახლოვდებიან ჟანგბადის სისტემებით და ხანძრის შიდა პერიმეტრში იმუშავებენ. ამიტომ, ცეცხლის ქრობა მხოლოდ გარედან ხდებოდა. წყალი რომ გათავდებოდა, ჩადიოდნენ, არაგვში, მდინარეში ყოფდნენ მილს და წყლით ასე მარაგდებოდნენ. თუმცა თითოეული მეხანძრე გმირია, ყველას მადლობა ასეთი თავდადებისთვის! საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ სახანძრო სისტემაში მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის ბაზის დონით, სადღაც XX საუკუნის 40-50-იანი წლებში ვიმყოფებით. თვითონ მეხანძრეები ამბობდნენ, რომ ცარიელი წყლით ცეცხლის ჩაქრობა არაეფექტიანია, ვინაიდან წყალს ჟანგბადის დიდი ნაკადი მოჰყვება, როცა ერთ კერაში აქრობ, მეორეგან ჩნდება. 

მოკლედ, ამის გამო ცეცხლი დილის 8-ის ნახევარზე ჩააქრეს, ხანძარს მთელი ღამე ებრძოდნენ. დაგვეწვა აბსოლუტურად ყველაფერი. საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანსაცმელზე რომ არაფერი ვთქვა, მთელი ჩემი არქივი, პირადი დოკუმენტაცია განადგურდა, პარლამენტიდან რომ წამოვედი, თან წამოვიღე და ბაინდერებად მქონდა აკრეფილი მთელი საზოგადოებასთან მიმოწერა, 4 წლის მასალა... ჩემმა სამი წლის შვილმა, ანდრიამ უკვე თბილისში, რომელსაც საოცარი ენა და იუმორი აქვს, ერთთეთრიანი იპოვა და დედას უთხრა: ერთი "ტრუსიკი" მაინც მიყიდეო...

მოკლედ, გადავრჩით ღმერთის შეწევნით, არ დავეძებ, რა დამეწვა, ყველაფერს ეშველება... ამ ცუდი ამბის ფონზე არის კიდევ მისტიკური განცდებიც: არაფერი შემთხვევით არ ხდება, ცხოვრებაში გარკვეული ფაქტებით, ადამიანი რაღაც გაფრთხილებას იღებს, რაღაცაზე ცხოვრებისეულად ყურადღების გამოჩენაა საჭირო... მადლობა ღმერთს, რომ ასე დასრულდა განსაცდელი და ადამიანის სიცოცხლეს არ შეხებია.

- გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა პირადად თქვენ რას ფიქრობთ, რისგან გაჩნდა ცეცხლი?

- ერთ-ერთმა საერთაშორისო სააგენტომ დამირეკა და მითხრა, ამ ყველაფერს თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხომ არ უკავშირებთო? ჩემთვის ადვილია თქმა, - რომ კი, ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ, მაგრამ ამას ასე უპასუხისმგებლოდ, მარტივად და ზერელედ როგორ ვიტყვი, სანამ სახანძრო ტექნიკური ექსპრტიზის პასუხები არ იქნება, არ იქნება დადგენილი ხანძრის რეალურად გამომწვევი მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრამდე და მანამდეც მქონდა კონკრეტული პოლიტიკური აქტივობები, მათ შორის ხანძრებთან დაკავშირებულიც, დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებული ვერსიები, რომლებიც გავთქვი და რომელთან დაკავშირებითაც უმოქმედობაში დავადანაშაულე არაერთი სახელისუფლებო რგოლი. ისიც განვაცხადე, რომ როდესაც ქვეყანაში ყველა ტყე იწვის, საჭიროა, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, განგაშის შკალის აწევა.  კრიზისების მართვის ეფექტურ დონეზე გადაყვანა, საზოგადოების სრული მობილიზაცია.

2 სექტემბერს "კავკასიის" ეთერში ისიც ვთქვი, რომ არჯევანიძის ტყეში, რომელიმე საჯარო მოხელეს თავისი ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა გამოკეტილი, მაშინაც უარს იტყოდა სუპერტანკერის გამოყენებაზე-მეთქი? ეს სიტყვები საბოლოო ჯამში მომიტრიალდა და ცოლ-შვილი კინაღამ გამომეწვა, თუმცა ასე უაპელაციოდ რაღაცას და ვიღაცას დავაბრალო ჩემს სახლში გაჩენილი ხანძარი, ამას არ ვიკადრებ. ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს, რა იყო რეალური მიზეზი. თუმცა მგონია, ხანძარი მაინც ძაბვის არასტაბილურობას უკავშირდება. რომელიც მხოლოდ სოფელ ჩინთის პრობლემა არ არის, ამით საქართველოს რეგიონები გამოირჩევა. სამწუხაროდ, "ენერგოპროჯორჯია" რეგიონებში სტაბილური ძაბვის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, რაც მაღალი ძაბვის სტაბილიზატორების ხარისხს უკავშირდება, თუ სხვა ტექნიკურ პარამეტრებს, ეს დეტალები არ ვიცი. თან, ჩემი გასარჩევი არ არის, ამაზე ექსპერტიზამ უნდა იზრუნოს, მაგრამ როდესაც ძაბვა ცვალებადია, შეიძლება მისმა მოვარდნამ აგრეგატის მწყობრიდან გამოყვანა და აალებაც გამოიწვიოს. თუ ეს ექსპერტიზით დადასტურდება, მაშინ არ ვიქნები გამონაკლისი, ასეთი ტიპის დაზარალებულთა რიცხვი დიდი უნდა იყოს...

- როგორ არიან ახლა თქვენი ოჯახის წევრები?

- ძალიან განვიცდით... მეუღლე შეუძლოდ არის... მთელი საქართველო ცეცხლშია გახვეული და ჩემი სახლის დაწვაც თითქოს კანონზომიერი გაგრძელებასავით აღმოჩნდა. მართალია, გაკვირვებული ვუყურებდი ცეცხლში გახვეულ ჩემს სახლს, მაგრამ ამ დღეებში ისეთი რაოდენობის ხანძარი ვიხილეთ საქართველოში, რომ ეს რაღა გასაკვირია? იმ ყველაფერთან ერთად, ერთი სახლიც დამატებით დაიწვა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

პრეზიდენტმა სალობიე შეძახილების ფონზე დატოვა

აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს