ფოტოგრაფი ედუარდო მარტინსი მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ზონაში იღებდა ფოტოებს და აქვეყნებდა ელექტრონულ და ბეჭდურ გამოცემებში, ასევე სოციალურ ქსელებში. ამით მან მზარდი პოპულარობა და რეპუტაცია მოიპოვა. ხალხს მოსწონდა ისტორია 32 წლის სიმპათიურ ბრაზილიელ სერფერზე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და კონფლიქტების ფირზე აღბეჭდვაში ცხოვრების ახალი აზრი იპოვა. თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა: მარტინსი ჩვეულებრივი მატყუარა და თვითმარქვია აღმოჩნდა.
"ბიბისი ბრაზილიას" მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ მარტინსმა ბრიტანელი სერფერის, მაქს ჰიპუორთ პოვის ფოტოები მოიპარა და საკუთარ ფოტოებად ასაღებდა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრაზილიის ფოტოგრაფთა წრეში. კომპანია Getty Images-მა მარტინსის ყველა ფოტო წაშალა.
როდესაც მისი თაღლითობა გამოაშკარავდა, დაიწყეს იმ ფოტოების გადამოწმება, რომელსაც მარტინსი საკუთარ ნამუშევრებად ასაღებდა. მარტინსი იღებდა სხვის ფოტოებს, შემდეგ მათ ფოტოშოპით ამუშავებდა და აგზავნიდა, როგორც საკუთარ ფოტოებს ცხელი წერტილებიდან.
მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით