2013 წლის შემდეგ, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებულმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას ჯილეხის კანის ფორმა ჰქონდა, რაც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განუვითარდა.
ზახაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევა პირველად დაფიქსირება. ბოლო რვა თვის მონაცემებით, საქართველოში სულ დაავადების 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანი კანის ფორმაა. ანალოგიური იყო შემთხვევების რაოდენობა 2016 წელსაც.
"ზოგადად, ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ადამიანის ჯილეხით დაავადების შემთხვევები ინტენსიურად კლებულობს. მხოლოდ კანის ფორმა ფიქსირდება, რაც დაავადებული ცხოველის დაკვლის, გატყავების ან ხორცის მომზადების მცდელობისას ხდება. ჯილეხი მძიმე დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და არ დაიწყებს მკურნალობას. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და განკურნებადია. დაავადებულმა მამაკაცმა გვიან მიმართა ექიმს, რის გამოც პროცესის გენერალიზაცია დაიწყო და პაციენტის სიკვდილი გამოიწვია", - განაცხადა ზახაშვილმა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა. როგორც საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დემნა ხელაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი საქონლის დაკვლის პროცესში დაავადდა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
"მდგომარეობა შევისწავლეთ. პირველ რიგში სანიტარული ღონისძიებები ჩატარდა. ტერიტორიაზე ვაქცინაცია მოხდა. ყველა სულადობა აცრილია", - განაცხადა დემნა ხელაიამ.