6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა. გუშინ საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა, ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი კი ისრაელისა და უკრაინას შორის მატჩში წყდებოდა. შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით, ანგარიშით 88:64 დასრულდა. შესაბამისად უკრაინამ 7 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით B ჯგუფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავა.
ევრობასკეტზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს ზაზა ფაჩულია. ნაკრების კაპიტანი ფეისბუქის პირად გვერდზე მადლობას უხდის თანაგუნდელებს შრომისთვის და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და წერს, რომ "კაპიტნის წასვლის დრო მოვიდა":
"ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.
ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა!" - წერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.