მასთან შეხვედრა პანსიონატის დირექტორმა, დარეჯან თომაძემ მირჩია, - უმძიმესი ცხოვრების გზა აქვს გავლილი, მოსათხრობი და გასახსენებელი ბევრი აქვსო და შეხვედრის დროც დავთქვით. თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მისულს, ფოიეში თეთრ მაისურში კოხტად გამოწყობილი მოხუცი ღიმილიანი სახით შემომეგება. - გაიცანით, ბატონი თემურ ვოსკანოვი, - პანსიონატის თანამშრომელმა, ნანა გოგიაშვილმა მეგზურობა გამიწია. მალე სამივე მოხუცის ოთახში აღმოვჩნდით. ბეთჰოვენის მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული, კედელზე ფოტოები, კუთხეში კი კომპიუტერის მაგიდა და მუსიკალური ცენტრი იდგა. ოთახში საახალწლო ნათურები აუციმციმებია, სტუმრების კარგ განწყობაზე რომ ეზრუნა. აივანზე გავედით, რომელიც თავისი ხელით ამოუშენებია.
- ღია იყო ეს აივანი, მაგრამ ამოვაშენე, ასე ჯობია. აქ მაქვს ღუმელი, სადაც ნამცხვრებს ვაცხობ, კერძებს ვამზადებ. ოთახიც საკუთარი ხელით გავარემონტე. რა ნივთსაც ხედავთ, ყველა ახლობლების ნაჩუქარია. ახალი შპალერიც გავაკარი და ჩემთვის მყუდრო გარემო შევიქმენი. აქ თავს კარგად ვგრძნობ (ამბობს ბატონი თემური და თან, სუფრასთან გვეპატიჟება). ეს ნამცხვარი ამ დილით დავაცხვე, ბეზეც ჩემი ხელითაა გაკეთებული. მოგეწონებათ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ!
თვალებს ვერ დავუჯერე, სუფრაზე საკმაოდ ძნელად მოსამზადებელი ნამცხვარი იდო.
- მოგწონთ ბეთჰოვენი? მე ყველაზე მეტად ჯაზი მიყვარს. მუსიკის გარეშე არ შემიძლია, უამრავი დისკი მაქვს. ვრთავ და ვცეკვავ. მაქვს იმის საშუალება, რომ თავი გავიხალისო, სხვაგვარად არ შემიძლია, ეს მაძლევს ენერგიას და კარგ განწყობაზე მაყენებს. 8 წელიწადია, აქ ვცხოვრობ. დრო ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ცხოვრება გავილამაზოთ...
80 წლის მოხუცმა, ბეთჰოვენის მოსმენის შემდეგ, ჯაზი ჩაგვირთო და მერე მუსიკას თვითონაც აჰყვა, მშვენივრად იცეკვა.
- კარგად ცეკვავთ.
- მადლობა.
- უგემრიელესი ნამცხვარიც გამოგიცხვიათ, ვინ გასწავლათ ცხობა?
- ბავშვობიდან ვაცხობ. ჩემს ოთახში ხშირად ტრიალებს ნამცხვრის სურნელი და რაც მთავარია, ყველას მოსწონს. თავიდან უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მამაკაცი ნამცხვრებს აცხობს, მაგრამ ახლა ყველამ იცის ჩემი შესაძლებლობები. უგემრიელესი ქადების, ტორტის ცხობა ვიცი და ასევე, თითქმის ყველანაირ კერძს ვამზადებ. ჩემი გამზრდელი პატარაობიდან მაიძულებდა, ეს ყველაფერი მეკეთებინა და კარგად გავიწაფე.
- გაშვილებული იყავით? გვიამბეთ თქვენზე...
- ვლადიკავკაზში დავიბადე. 4 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. 1942 წელი იყო, ომის პერიოდი. ბუნდოვნად მახსოვს ერთი ეპიზოდი: დედა იწვა ჰოსპიტალში და იქ მანახვეს, მას მერე აღარ მინახავს. არც ის ვიცი, და-ძმა მყავს თუ არა. მერე ბავშვთა სახლში წამიყვანეს. მახსოვს, ერთ დღეს კორიდორში ორი ქალი მოვიდა და რომ დამინახეს, თქვეს: ვა, რა ლამაზი ბიჭიაო. მეგონა, დედაჩემი მოვიდა, მაგრამ რომ მომიახლოვდნენ, მივხვდი, ის არ იყო. იმ ღამით ვლადიკავკაზიდან წამომიყვანეს, ტანსაცმელი ჩამაცვეს, მაგრამ კარგად მახსოვს, ყველაფერი დიდი მქონდა. ვლადიკავკაზის რკინიგზის უფროსმა მიშვილა. ძალიან დიდი სახლი ჰქონდათ, დიდი რკინის კიბით ავდიოდით. იქ სულ ორი ოჯახი ცხოვრობდა. ჩემი გამზრდელი სომეხი იყო. სამწუხაროდ, ჩემი ნამდვილი გვარ-სახელი არ ვიცი. ჩემს გამზრდელებს ჰყავდათ საკუთარი ქალიშვილი. როცა მე მიშვილეს, ის გოგონა 17 წლის იყო. თბილისიდან ჩამოვიდა და მითხრა: გამარჯობა, შენ ჩემი ძმა ხარო. კარგად მექცეოდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი იმ სახლში, ვისაც ვუყვარდი... განაგრძეთ კითხვა