დონალდ ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, რომ იმედგაცრუებული ვიყო მისით, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ბრიქსის" სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმედგაცრუებულია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა.
"ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, არც მე ვარ მისი საცოლე, არც საქმრო. ჩვენ სახელმწიფო საქმიანობაში ვართ ჩართულნი", - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს აშშ-ს პრეზიდენტთან კომპრომისის გამონახვას.
"ტრამპი თავის საქმიანობაში თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მე ჩემი ქვეყნის ინტერესებით. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ორმხრივი და საერთაშორისო საკითხების გადაჭრისას კომპრომისის გამონახვას. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.