გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც გაზეთის ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საინტერესო ვერსიაზე წერს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.
დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.
...დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს - უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.