თვითმმართველობის არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" თბილისის სიის პირველი ნომერი გიორგი გაბაშვილი იქნება. გაბაშვილის წარდგენა დღეს, ავლაბარში, ჯორბენაძის ქუჩაზე გაიმართება. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს პარტიული სიის ფორმირების ინიციატივასაც გაცნობენ.
"ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო" პირველად საქართველოში მიმართავს პარტიული სიის ფორმირების ღია წესს, რომელიც დაფუძნებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიულ სიებში პირველი ნომრის შემდეგ განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით (გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის - ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 განსხვავებული სქესის წარმომადგენელი - შენარჩუნების მიზნით).
არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად. შესაბამისად, საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები", - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".