თბილისის ქუჩებში დამატებით 18-ზე მეტი ახალი შუქნიშნის ადგილი გაჩნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე კვირაში შუქნიშნის ახალი ობიექტები უკვე გაკეთდა მტკვრის სანაპიროზე და რესტორან "თავადურთან". მომავალი კვირის ბოლომდე კი ქსელში კიდევ ცხრა ახალი შუქნიშანი ჩაერთვება.
"შუქნიშნების ნაწილი უკვე დამონტაჟებულია. ახალი შუქნიშნები დაიდგმება: ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "წისქვილთან"; აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე; წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის კვეთაზე; მარშალ გელოვანის გამზირზე, #6-თან; მარჯვენა სანაპიროზე მშრალ ხიდთან მოთხოვნადი შუქნიშანი იქნება; უნივერსიტეტის ქუჩის #6-თან; ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთასთან; მარცხენა სანაპიროზე ზაარბრიუკენის მოედნის პანდუსთან და ჯავახიშვილის ქუჩაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან. ეს შუქნიშნები ქვეითთა გადასასვლელებთან, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ნორმების ამაღლების მიზნით გაკეთდება", - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სულ დედაქალაქში ამ მომენტისთვის 240 შუქნიშნის ადგილია, საიდანაც 164 ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანია.