საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევების კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან მისი აღრიცხვა არ ხდება.
მისი თქმით, კოკსაკის შემთხვევების გამოვლენას, ძირითადად მაისიდან ივლისამდე ჰქონდა ადგილი.
"ვირუსი კოკსაკი მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, საქართველოსნაირი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ფიქსირდება. გამომდინარე აქედან, რამდენიმე შემთხვევა ყოველთვის არის ხოლმე საქართველოში. ვირუსი იმდენად მსუბუქია, არ აღირიცხება ცალკ-ცალკე თუ არ არის აფეთქება. აფეთქება კი არა გვაქვს. ჩვენთან ძირითადად დაფიქსირდა მაის-ივლისში, ახლა თითო-ოროლა შემთხვევაა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რა არის კოკსაკის ვირუსი?
კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ნიუიორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება. დაავადების ერთადერთი წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმია ფეკალურ-ორალური, საყოფაცხოვრებო ან ჰაერ-წვეთოვანი. დაბინძურებული შეიძლება იყოს საცურაო აუზის წყალი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები, ქვიშის სათამაშო მოედნები და ა.შ. ინკუბაციური პერიოდია 3-დან 6 დღემდე.
ენტეროვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია- უსიმპტომო მიმდინარეობიდან იშვიათად მძიმე (მენინგიტი, კარდიტი, ართრიტი, მენინგოენცეფალიტი) დაავადებებამდე.
კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:
- არასპეციფიკური ენტეროვირუსული ცხელებით 38.5-40◦C-მდე, გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტით, ანორექსიით, ადინამიით
- ხელ-ფეხ-პირის დაავადება - ვეზიკულურ - წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ფეხის, ხელის გულებზე და პირის ირგვლივ
- ჰერპანგინა- ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ბაქტერიულ ანგინაში
- ენტეროვირუსული სტომატიტი
- ენტეროვირუსული ეგზანთემა-ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე
- ჰემორაგიული კონიუქტივიტი
დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა:
- ხშირად დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ, ჰიგიენური პროცედურების შემდეგ და სეირნობიდან დაბრუნებისთანავე
- სასმელად გამოიყენეთ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი (თუ არ არის ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ)
- არ გამოიყენოთ მშრალი ყინული ბავშვებში წყლის ან გაზირებული სასმელის გასაგრილებლად
- დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული პირობები. მიირთვით მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადაც ცნობილია
- საკვებად არ გამოიყენოთ მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს დასაწყობებული ხილი (მათ შორის საზამთრო, ნესვი)
- საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი, კენკრა, ბოსტნეული და ბაღჩეული
- ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილირებამდე შეზღუდეთ ბავშვების ისეთ აუზებში შესვლა, რომლებშიც არ არის დაცული სანიტარული ნორმები, ქვიშის მოედნებზე თამაში. აუზში შესვლისას, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებს მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ, არ გადაყლაპონ დაბინძურებული წყალი.
- გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.) და მოხმარებისთანავე ისინი მოათავსეთ დახურულ ნაგვის ყუთებში
წყარო: evex.ge