2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდე არჩევნები უკვე ისტორიას ჩაჰბარდა. როგორც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსული გამოცემა "კომერსანტის" ფურცლებიდან "დაგვიბარა", ყველაფერი ახდა, მმართველმა პარტიამ მართლა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ბრიტანული და ეგრერიგად ნაქები კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა, "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ 61%-ით ლიდერობდა. როგორც ჩანს, ბატონი ვანო ან ნათელმხილველობის ნიჭით არის დაჯილდოებული, ან მისი ნათქვამი მავანმა პირდაპირ დირექტივად გაიგო და სისხლი და ოფლი დაღვარა მინისტრის მიერ გამოცხადებული პროცენტების ასაღებად.
საზოგადოებამ უჩვენოდაც მშვენივრად იცის, რა ხდებოდა არჩევნებამდეც და უშუალოდ საარჩევნო პროცესისას, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ, ვახსენებთ საუბნო კომისიის სიახლოვეს ჩამომსხდარ და გაურკვეველი სიებით აღჭურვილ ქალბატონებს, რომლებიც "ნაცმოძრაობის" მიერ შემუშავებული ამომრჩევლის გაკონტროლების ახალთახალი პროექტის შემსრულებლები იყვნენ.
როგორც ამ პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე ახლობელმა მითხრა, მათ ევალებოდათ აღერიცხათ, როგორ აქტიურობდნენ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ამა თუ იმ უბანზე, ანუ წინასწარი აღრიცხვის შედეგად შედგენილი სიებისთვის შეედარებინათ და თუ მათი აქტიურობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, სასწრაფოდ ეცნობებინათ "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისისთვის, საიდანაც იმ უბანზე იგზავნებოდა მობილური ჯგუფი. რას აკეთებდა ეს ჯგუფი, იმ ჩემმა ახლობელმა დანამდვილებით არ იცის, თუმცა რა დიდი მკითხაობა მაგას უნდა... მოკლედ, არჩევნები ჩატარდა და თუ მმართველ ძალას და საერთაშორისო ორგანიზაციათა რიგ წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ჩატარდა წარმატებით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ისიც კი გვითხრა, რომ ეს არჩევნები ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯია. ჰოდა, თუ მართლა ასეა, იქნებ არც ამოგვეღო ხმა. ხომ მოგეხსენებათ, რამდენი ასეთი არჩევნების ჩატარება ხელეწიფება ჩვენს ხელისუფლებას, ამიტომ დავნიშნოთ არჩევნები ყოველ წელს, ასეთი წარმატებით ჩავატაროთ და სულ რაღაც 4-5 წელიწადში იქნებ ნატოში ისე აღმოვჩნდეთ, ვერც კი გავიგოთ. მაგრამ ნურას უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანაში ახალი არჩევნები სულ მცირე ორ წელიწადს არ იქნება, თუ უფრო მეტი არა. ვნახოთ, როგორ კონსტიტუციას მივიღებთო... გამოდის, ახალი კონსტიტუციით შეიძლება მოქმედების ვადა გაუგრძელდეს ამჟამინდელ პარლამენტსაც და სავარაუდოდ, პრეზიდენტსაც?!
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
- ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბატონი სააკაშვილი ვერ მალავს მიზანს, როგორმე რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჰოდა, წამოსცდება ხოლმე შიგადაშიგ ისეთი რამ, რასაც მისი გონება განუწყვეტლივ დასტრიალებს, თუმცა საჯარო განცხადებისთვის არ არის განკუთვნილი. რად უნდა თქმა იმას, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალაუფლების შენარჩუნების მოტივაციით იქმნება ისევე, როგორც ის ხელოვნური კომისიები შეიქმნა, რომელიც ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდა.
კომისიები, კომიტეტები, საბჭოები და ა.შ. საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომელიც მიმართულია საქმის არგაკეთებისკენ და საზოგადოებისთის თვალის ასახვევად. რომ იარეს ენ-დი-აის ოფისში, რა გააკეთეს, როგორ გააუმჯობესეს საარჩევნო გარემო? თანაც გახსოვთ, რა გახარებულები იყვნენ, ხელს რომ აწერდნენ რაღაც შეთანხმებას? ნებისმიერმა კომისიამ უპასუხოს კითხვას - როდის ჩატარდება პრეზიდენტის შემდეგი ინაუგურაცია, თუ ეს პასუხი არ იქნება 2013 წლის იანვარი, ე.ი. კომისიის მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ გაუხანგრძლივოს სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკური სიცოცხლე.
არ დაგავიწყდეთ ერთი ფაქტორიც, ისე მსგავსია ქართული და რუსული ხელისუფლებების მართვის სტილი, არ გამოვრიცხავ, აქაც სცადონ პუტინ-მედვედევის ძალაუფლების განაწილების მოდელის გადმოწერა. თუმცა ქართული ტემპერამენტი ფუნქციების ასეთი ფსევდოგადანაწილების შემთხვევაში მეტ საფრთხეს შექმნის, რადგან ჩვენ გაცილებით ფიცხი და მოუთმენელი პოლიტიკოსები გვყავს და შედეგიც, ვფიქრობ, მოკლე ჩართვით მალევე დამთავრდება.
ჩვენში უკვე ბევრს ლაპარაკობენ, რომ კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, შესაძლოა, სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის სავარძელში ხავერდოვნად გადაინაცვლოს, ხოლო საპრეზიდენტო სავარძელი გიგი უგულავას დაუთმოს. ამბობენ იმასაც, რომ ასეთი მხარდაჭერის შემდეგ თბილისის პირდაპირი გზით არჩეულმა მერმა შესაძლოა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს და მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდეს. მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, თუმცა ისმის კითხვა, მისცემს კი მმართველი გუნდი უგულავას ასეთი თამაშის უფლებას?
სოსო ცისკარიშვილი:
- შესაძლოა, უგულავას სიზმრებსა და ოცნებებში ელანდებოდეს კიდეც პრეზიდენტის სავარძელი, მაგრამ გონიერება ჰყოფნის, რომ ამაზე კრინტი არ დაძრას უახლოეს მეგობართა წრეშიც კი. მიზეზი ის არის, რომ მისი მერად არჩევა, "ნაციონალური მოძრაობის" მართვის სტილის გათვალისწინებით, შესაძლოა ვინმემ საფრთხედ აღიქვას, თუ ვინ, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ... მოკლედ, ნებისმიერი არჩეული თანამდებობის პირი "ნაცმოძრაობის" ვერტიკალის მიერ განიხილება, როგორც საფრთხე.
შესაბამისად, უგულავას მხარს დაუჭერდნენ მხოლოდ ერთ შემთხევაში - როდესაც მის წინააღმდეგ საკმაოდ სოლიდური, მაკომპრომეტებელ მასალას მოიპოვებდნენ და დააარქივებდნენ. ვფიქრობ, ასეთი მასალის მოპოვება არ გაუჭირდებოდათ უგულავას თანამებრძოლებსა და თანაპარტიელებს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის კარიერულ კიბეზე მოძრაობას დაუკითხავად ვერ გაბედავს. თუმცა მმართველ გუნდში დაპირისპირებას არ გამოვრიცხავ. დაპირისპირება უფრო მკაფიო გახდება მაშინ, როცა ჰაერში ახალი არჩევნების სუნი დატრიალდება.
უგულავა კი ჯერჯერობით მილოცვებს იღებს და ამომრჩეველს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ფრაზა - "მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის" - არჩევნების მეორე დღესვე გაჩნდა ქალაქში გამოფენილ უგულავას საარჩევნო ბანერებზე, მოკლედ, მომავალი გამარჯვების აღნიშვნისთვის, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობა" კარგა ხნით ადრე მოემზადა. თუმცა უკვე შეიძლება დაისვას კითხვა:
იქცევა კი უგულავასთვის თბილისის მერის სავარძელი საპრეზიდენტო ტრამპლინად, თუ ზედმეტი ამბიციის გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იყოს?! "ქრისტიან-დემოკრატების" სიით თბილისის საკრებულოში შესული ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამ ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანი ვიხილოთ ოპოზიციის რიგებში. ვნახოთ, - ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო.
არჩევნების შემდეგ არეულობა დაიწყო ოპოზიციურ ფლანგზე. თითქმის წინასწარ იყო გაცხადებული, რომ სოზარ სუბარი პოლიტიკურ გაერთიანებას "ალიანსი საქართველოსთვის" დატოვებდა, მაგრამ ამას მაინც სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. უკვე ყოფილმა პარტნიორებმა არ დაზოგეს ერთმანეთი და საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. სუბარის თქმით, "ალიანსმა" დამარცხებისთვის იბრძოლა, რაზეც ირაკლი ალასანიამ უპასუხა, არიან ადამიანები, რომელთაც პირველივე სერიოზული დაბრკოლება აფრთხობთო და ა.შ. მოკლედ, სოზარ სუბარმა "ალიანსში" "რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა" და ახლა, სავარაუდოდ, ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს.
უკვე კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ალიანსი ჩამოყალიბდეს ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის მონაწილეობით. ყველაზე მოულოდნელი არის ის, რომ სოზარ სუბარი გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილი-ბურჯანაძის ალიანსის შექმნის შემთხვევაში მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც "ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილმა თანათავმჯდომარე სოზარ სუბარმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა, ასეთ ალიანსზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა, "პოლიტიკოსთა ასეთ კონფიგურაციაში მონაწილეობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
"რაც შეეხება ოქრუაშვილს, იგი ჩემთვის არ არის დემოკრატიის მამა და ბურჯი, მაგრამ გაიხსენეთ, ჰიტლერის წინააღმდეგ სტალინი და ჩერჩილი ერთად იდგნენ. ერთი როგორი დემოკრატი იყო და მეორე - როგორი ავტოკრატი, კარგად ვიცით", - განმარტა სოზარ სუბარმა. თუმცა არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ ბურჯანაძეც, ოქრუაშვილიც და გაჩეჩილაძეც მეტად ამბიციური პოლიტიკოსები არიან, შესაბამისად, ცოტა წარმოუდგენელია მათი თანამშრომლობა და ერთ ალიანსად გაერთიანება.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
- ამაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ რეალური თუ არის ასეთი ალიანსის შექმნა, რთული სათქმელია. შეგახსენებთ, ამას სჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საფუძველი. ჩემი აზრით, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ გაუჩნდა ინტერესი წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიმართ, შესაძლოა, სწორედ ეს კრება გადაიქცეს ახალი ალიანსის საყრდენ ბაზად. ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. ისე, წინასაარჩევნო პერიოდში აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გაიყო არჩევნებისა და ჭექა-ქუხილის მომხრე პოლიტიკურ ძალებად. ამჯერად, როგორც ჩანს, ავანსცენაზე გამოსვლას "ჭექაქუხილისტები" შეეცდებიან, თუმცა, ჩემი აზრით, მათი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება. საქართველოში ჭექა-ქუხილს კი არა, პოლიტიკურ გვალვას ველი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღე-დღეზე დაიშლება "ეროვნული საბჭო", რომლის შიგნით დაპირისპირება ერთი-ორჯერ ლამის მუშტი-კრივამდე მივიდა. ლაპარაკობენ, რომ "ეროვნული საბჭოდან" ზურაბ ნოღაიდელს და მის პოლიტიკურ ძალას გარიცხავენ.
ეს ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკაშიც კი არ ერევა წყალი და ზეთი ერთმანეთს. "ეროვნული ფორუმი" კვლავაც საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სიების გაუმჯობესებისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს. გადავწყვიტეთ, დავსვათ კითხვა, - აღარ არის დრო, საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს და იმათგან რამდენია ამომრჩეველი?
P.S. არჩევნები დასრულდა, არჩევნების გეშინოდეთ, ხალხნო!
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ხუთშაბათობით)