ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა დამანგრეველი ქარიშხალი "ჰარვი" მძვინვარებს. ტეხასის შტატის 50 ოლქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ტეხასის შტატის ქალაქებში ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და თავშესაფარშია გადაყვანილი ან შედარებით უსაფრთხო ქალაქებში გადადის. შტატში 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დანგრეულის აღდგენას წლები დასჭირდება. ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, კომპანია Enki Research-ის სპეციალისტის განცხადებით, ენერგოქსელების, სატრანსპორტო სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურის დატბორვის შედეგად აღრიცხულმა ზარალმა, შესაძლოა, 30 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ეს კი ნიშნავს, რომ "ჰარვი" რიგით მერვე ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალია აშშ-ში.
კიდევ ერთი კომპანიის ექსპერტის განცხადებით კი, ზარალის საბოლოო მაჩვენებელმა, შესაძლოა, 100 მილიარდი დოლარი შეადგინოს.
ფოტო: Joe Raedle/Getty Images
ფოტო: Joe Raedle/Getty Images
ფოტო: Charlie Riedel/AP Photo
ფოტო: Luke Sharrett/Bloomberg