აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. ტურისტების სიმრავლე თვალშისაცემია ტურისტულ ადგილებსა და ტურისტულ ობიექტებშიც. მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა რეგიონის სტუმრებისთვის, რადგან აჭარამ უმასპინძლა უამრავ ფესტივალს, კონცერტსა და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს.
როგორ მიმდინარეობს სეზონი აჭარაში და როგორია წინასწარი შეფასებები გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან:
- ბატონო სულხან, როგორ შეაფასებდით ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორია წინასწარი შედეგები?
- წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონი თამამად შეგვიძლია შევაფასოთ წარმატებულად. რაზეც პირდაპირ მეტყველებს სასტუმროების დატვირთულობა და რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში რეგიონს 793 243 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. ისინი ძირითადად ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან გვსტუმრობდნენ და მათ შორის ლიდერობს: ისრაელი, უკრაინა, ირანი, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.
ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებულად გაზრდილია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც აჭარაში 59%-ით მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. ეს კი რა თქმა უნდა, ბათუმის მიმართულებით განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის ავიაფრენების დამსახურებაა. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ავიაფრენებს 25 ავიაკომპანია ახორციელებს, რომელთა შორის 8 ახალია. ივლისსა და აგვისტოში, კვირაში საშუალოდ 97 ავიაფრენა 37 მიმართულებიდან ხორციელდება.
რაც შეეხება, ბოლო ოთხ წელიწადს, ავიაფრენების რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს აჭარის, როგორც საინტერესო ტურისტული ადგილის მნიშვნელობას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წელს ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4-6%-ით იქნება გაზრდილი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ბუნებრივია ხელისუფლების პოლიტიკა ტურიზმთან მიმართებაში, ჩვენს მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობები და კერძო სექტორის აქტიურობა.
- თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებული პიარ-სარეკლამო აქტივობები?
- 2017 წელს უპრეცედენტო მასშტაბის სარეკლამო ღონისძიებებს ვანხორციელებთ. აჭარის რეკლამირება წელს პირველად 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს, რაც პრეს და ინფოტურების, საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების, ონლაინ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გარდა, რეიტინგული მედიასაშუალებებზე სატელევიზიო რეკლამას ითვალისწინებს.
ჩვენ გადავწყვიტეთ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მედიაპლატფორმები შეგვერჩია და ბუნებრივია, სხვებთან ერთად ასეთია BBC და EURONEWS. 158 ქვეყნის მილიონობით მოქალაქე რამდენიმე თვის განმავლობაში ეცნობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ჩვენი ვიდეორგოლების მეშვეობით და სხვა მარკეტინგული საშუალებების გამოყენებით. პოპულარული მედიასაშუალებებზე სატელევიზიო რეკლამა ტურისტების მოზიდვასთან ერთად, ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ასევე ჩვენი კამპანიების მიზანია რაც შეიძლება მეტი ტურისტული სააგენტო დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით და კონკრეტულად აჭარით. როცა რეგიონის საიმიჯი რგოლებს უყურებენ ისეთ პოპულარულ არხებზე, რომლებიც ვახსენე, ბუნებრივია ეს ნიშნავს რომ რეგიონი ძალიან მაღალ ინტერესს ანიჭებს ტურიზმს და ამ კუთხით მუშაობს ძალიან აქტიურად, ეს და სხვა ღონისძიებები დამატებითი მოტივაციაა კერძო სექტორისთვის უფრო აქტიურები იყვნენ, რაც საბოლოო ჯამში აჩენს ტურისტულ ნაკადებს რომელთა დახარჯული თანხები ჩვენი ეკონომიკითვის ძალიან მნიშნელოვანია.
სწორედ ამ მიზნით გადავიღეთ წელს 4 საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებია წარმოდგენილი.
გარდა ამისა, წელს აჭარა წარვადგინეთ მსოფლიოში 17 პოპულარულ ტურისტულ გამოფენაზე და ჩვენ მიერ ორგანიზებული 21 მედია-ინფო ტურის ფარგლებში აჭარა 400-მდე ჟურნალისტისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას ემატება სარეკლამო სტატიები 9 საერთაშორისო ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალში და სამიზნე ქვეყნების რეიტიგნულ მედიაგამოცემებში.
- როგორც ცნობილია, თქვენი ბიუჯეტის 68% იხარჯება აჭარის რეკლამირებაში. თუმცა თქვენ ასევე მუშაობთ მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების და რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით. რა გაკეთდა ამ კუთხით მიმდინარე წელს?
- თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთიანი აჭარის მიმართულებით, ეს იქნება ტურისტული პროდუქტების განვითარება-პოპულარიზაცია თუ სერვისის გაუმჯობესება. წელს აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა მთიან აჭარაში სამოგზაუროდ ვეპატიჟებოდით, რადგან რეგიონი მდიდარია ეროვნული პარკებით, დაცული ტერიტორიებითა და სხვადასხვა საინტერესო ტურისტული მარშრუტებით.
ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთაში მოგზაურობის შემთხვევაში ტურისტებმა მიიღონ შესაბამისი სერვისი ტურისტულ ობიექტებში და კარგად დაგეგმილი ტურისტული მარშრუტები და მათ მეგზურობას უწევდეს პროფესიონალი გიდი. სწორედ ამ მიზნით განვახორციელეთ პროექტი "ტურიზმის განვითარების სკოლა", რომლის ფარგლებშიც ტრენინგები ჩავუტარეთ 200-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონესა და 60-მდე გიდს. ჩვენ მუდმივად ვუზრუნველყოფთ ტურიზმის დარგში დასაქმებულ ადამიანებისთვის სერვისის თანამედროვე სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ტრენინგების თუ სემინარების გზით. კარგად გვესმის, რომ ამ კუთხით არის პრობლემები და ამიტომაც ვცდილობთ ყველა იმ პრობლემატურ საკითხს შევეხოთ და დავიწყოთ მათი მოგვარება, რომელიც თან ახლავს ზოგადად ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში.
წელს, 60-მდე გიდი გადავამზადეთ მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით და ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს უკვე შეეძლოთ მათთან ერთად ემოგზაურათ აჭარაში და ესარგებლათ საინტერესო ტურებით. სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ გადამზადებული გიდების უმრავლესობა წელს აქტიურადაა ჩართული ტურისტულ ბიზნესში.
- ტურისტულ ინფრასტრუქტურასაც შევეხოთ, რა სიახლეებია ამ მიმართულებით და რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება იგეგმება აჭარაში?
- როგორც რეგიონის, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ძალიან აქტიურად არის ჩართული ტურისტული სტრატეგილი ინფრასტრუქტურის შექმნაში. იმისათვის, რომ ჩვენს განცხადებულ მთავარ მიზანს მივაღწიოთ, რომ რეგიონის 4 სეზონზე გავხადოთ საინტერესო ტურისტებისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, უპირველეს გამოწვევად, პირადად მე ინფრასტრუქტურა მიმაჩნია. მაღალმთიანი მიმართულებით ამ კუთხით კონკრეტული ხელშესახები ცვლილებებია, ხულო-გოდერძი-ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა იწყება, რომელიც 2019 წლის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს.
ურთულესი რელიეფია, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, მაგრამ ეს არის გზა რომელიც კურორტ გოდერძს, ბეშუმს და ალპურ ბოტანუკურ ბაღს იოლად ხელმისაწვდომს გახდის. დაწყებულია 6 სასტუმროს მშნებელობა კურორტ გოდერძზე და 10-ზე მეტი ახალი სასტუმროს მშენებლობის შესახებაა გამოხატული ინტერესი ბიზნეს სექტორის მხრიდად, ეს არის პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე მაღალთიანი აჭარისთვის. წელს ასევე სამთო კურორტ "გომარდულის" გზის მშენებლობა დამთავრდება და მტირალას ეროვნული პარკის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც სრულად 2018 წელს იქნება დასრულებული.
2018 წელს ჩვენ ასევე ვაპირებთ შევქმნათ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც უშუალოდ აჭარაზე იქნება მორგებული და გაითვალისწინებს ყველა ძირითად კომპონენტს, როგორც საკანონმდებლო, ასევე სერვისებისა და პროდუქტების კუთხით, იგი გათვლილი იქნება 2018-2025 წლებზე, ეს იქნება საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ზუსტი გზამკვლევი და სახელმძღვანელი იქნება ზოგადად ტურისტული სექტორისთვის.