რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა "არაჯანსაღ ფანტაზიას" უწოდებს საქართველოში ტყის ხანძრებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ განცხადებებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
"ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ხანძრის ლიკვიდირება, ხოლო მათი არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვისთვისაც ბუნებრივი კატასტროფა თავის ქვეყანაში მორიგი მიზეზია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმეტად მივიჩნევთ", - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ამ სეზონზე მთელ რეგიონში რუს მაშველებზე დიდი დატვირთვა იყო: ცოტა ხნის წინ მათ მონაწილეობა მიიღეს ტყის ძლიერი ხანძრის ჩაქრობაში სომხეთში, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა ვოლგოგრადში.
"ამის მიუხედავად, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარების შესახებ. ამ მიზნით, გამოიყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ, ქართულმა მხარემ, მადლობა გადაიხადა და შეგვატყობინა, რომ კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების აუცილებლობა არ იყო", - განაცხადა ზახაროვამ.