გასულ კვირას AMBEBI.GE იმ ქართველ ქალებზე წერდა, რომლებსაც წელს გაუმართლათ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ და წლების ნაოცნებარი აუხდათ. მათ შორის მატილდა კატალია (ლელა ჯავახია) გახლდათ, "X ფაქტორში" გამოჩენის შემდეგ, საოცარი ტრანსფორმაციით ფილარმონიაში მაყურებელი რომ აატირა და ჟიური გააოცა... სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მატილდა-ლელა დამიკავშირდა და მითხრა, მხოლოდ ნაოცნებარი კი არ ამიხდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, კონკიამ ფეხსაცმელი დაკარგა და მე ვიპოვე, ჩემს ცხოვრებაში ისეთი საინტერესო ამბები ხდებაო.
ორი შვილის დედამ, 44 წლის ასაკში, საკუთარი ძალები დიდ სცენაზე 4 თვის წინ მოსინჯა, სამზარეულოდან პირდაპირ ფილარმონიაში მივიდა და... გამოსვლით ფურორი მოახდინა! იცოდა, რომ სიმღერა შეეძლო, მაგრამ ასეთ შეფასებასა და შედეგს არ ელოდა... სცენაზე სიმღერა ყოველთვის უნდოდა, უბრალოდ, სცადა მაშინ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა... რთული ცხოვრება გაუვლია… სიმღერისთვის არასდროს ეცალა... ამასთან, ერთი შვილიც დაკარგა, რაც მატილდასთვის შოკი და ტრაგედია იყო...
კონკურსს ადრე კი გამოეთიშა, მაგრამ ოცნება ნამდვილად აუხდა... ახლა მშობლიურ სენაკშია და სოლო კონცერტისთვის ემზადება. წალენჯიხელებიც ელოდებიან... მანამდე თბილისში ჰქონდა კონცერტები და უკვე რეპერტუარზე მუშაობაც დაუწყია. ბევრ კონცერტზე მიწევს გამოსვლა და სულ ერთსა და იმავეს ხომ არ ვიმღერებ, რეპერტუარს განახლება უნდაო - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... უკვე იმდენი კონცერტი მქონდა, რომ სიხარულისგან და ამდენი მოულოდნელობისგან ცოტა დაბნეულიც კი ვარ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მიწევს ცხოვრება. ამიტომ, ვდგავარ და ყველაფერს ვიღებ, არ მინდა ეს კადრები დაიკარგოს... ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ ხალხისგან სითბოსა და დიდ სიყვარულს ვგრძნობ...
როგორც ჩანს, ჩემში თეატრალური მონაცემებიც შენიშნეს და თბილისი არტ-ჰოლის ახალგაზრდულ-პროფესიონლურმა თეატრმა "სივრცე" სპექტაკლში "მერი პოპინსი" მიმიწვია. ახალი სეზონიდან წარმოდგენაში გადიას როლს ვითამაშებ. სექტემბრიდან 2-სერიან სატელევიზიო ჯაზურ მიუზიკლს იღებენ და იქაც მიმიწვიეს, როლი მომცეს. სერიოზული ჩანაფიქრი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ჯაზქორალში" (ხელმძღვანელი ლალი ბერაძე) მეორე ხმად ამიყვანეს.
აქამდე პედაგოგი არ მყოლია და ლალიკო ბერაძე აღმოჩნდა ჩემი მასწავლებელიც და მიმართულების მიმცემიც. შესანიშნავი პედაგოგი და ადამიანია. რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ასეთი რამ არასდროს ყოფილა და განმიციდია!
- პროფესიით ვინ ხართ?
- ორი პროფესია მაქვს (ქიმიკოსი ვარ და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები მაქვს დამთავრებული), სწავლის დამთავრების შემდეგ, ვმუშაობდი. 10 წლის განმავლობაში სამი ბავშვი გავაჩინე, თითოეულზე მძიმე ფეხმძიმობები მქონდა, - ერთი შვილი დამეღუპა. მოკლედ, უხეშად რომ ვთქვათ, 44 წლის ისე გავხდი, შინიდან გარეთ არც გამოვსულვარ...
40 წელს ზემოთ ასაკი ხომ საქართველოში განაჩენია? სამსახურს ვეღარ დაიწყებ. სიმართლე გითხრათ, პროექტში უფრო იმიტომ მივედი, გამოვჩნდები, დამინახავენ, იქნებ სადმე საქმიანობა დავიწყო-მეთქი... ხალხისგან და სამყაროსგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმხელა სიყვარული და სითბო მომეცა, ვფიქრობ, როგორ უნდა დავუბრუნო უკან, შევძლებ კი ამას-მეთქი?.. ქუჩაში ისე მხვდებიან, გარეთ გასვლა ჩემთვის ზეიმია. ამას ჩემი ქმარი რამდენჯერმე შეესწრო, ერთად ვიყავით და მითხრა, - რომ ამბობდი, მეგონა, აზვიადებდიო.
- მეუღლე თქვენს ასეთ გაპოპულარულებას როგორ შეხვდა?
- მსაყვედურობს, - რატომ არ მითხარი, თუ ასე მღეროდიო? ეს თვითონაც არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა... ლალიკო ბერაძესთან რომ მივედი, მაღალი დიაპაზონშიც მამღერა და გაოცდა. აღმოჩნდა, რომ ესეც შემიძლია. თუმცა ასე ხმამაღლა მანამდე სად უნდა მემღერა? სახლში? მოკლედ, ლალიკომ მითხრა, - წინა ცხოვრებაში ალბათ ელა ფიცჯერალდის ბებო იყავიო... თუმცა მანამდე მე ვამბობდი, ელა ჩემი ბებიაა-მეთქი...
- რით ხსნით თქვენს ასეთ წარმატებას?
- რამდენიმე წლის წინ, ტვინში მხოლოდ სიკეთე ჩავიდე. არანაირი პრობლემა გულთან არ მიმქონდა, ვფიქრობდი, - ეს მე არ მეხება-მეთქი და ბუმერანგის პრინციპით ასეთი დამოკიდებულება უკან დამიბრუნდა.
- ანუ არაფერზე ბრაზდებოდით?
- არა. გამოვიმუშავე განწყობა: არა უშავს! ამას ავიცდენ! არ მეხება! რა მოხდა მერე? სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ.
- მატილდა კატალია - თქვენი ფსევდონიმი ისევ ძალაშია?
- კი, რა თქმა უნდა, ხალხმა ასე გამიცნო. ზოგი ამბობს, ასეთ სახელებს სხვა ინფორმაცია მოქვსო... არანაირი ინფორმაცია არ მოაქვს. არანაირი ჭერი, კედელი, ბუჩქი არაფერია, ჩემთვის მთავარი ახლობელი ადამიანები და ღვთის ძალა და ხელია მხოლოდ, რომელსაც სულ ვგრძნობ... მადლობა უფალს და ადამიანებს!
ლალი ფაცია