მიუვალ ტყეში, იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება, დღეს უკვე სახანძრო მანქანები მუშაობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, დროული იყო ასევე სახანძრო სამუშაოებში დამატებით შეიარაღებული ძალების ჩართვა, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული კერების დამუშავება.
"წუხანდელი შტაბის თათბირზე პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დილით შემოგვემატა 1000 კაცის ოდენობით თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია, დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.