ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს დილიდან შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, „თუმცა ამან თვითდამშვიდების უფლება არ უნდა მოგვცეს".
"კვლავ მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია და ცოცხალი ძალა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის მიხედვით ვერტმფრენის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად არაეფექტურია იმიტომ, რომ საჭიროა ცოცხალი ძალით იმ კონკრეტული კერების საბოლოოდ დამუშავება-ჩაქრობა. სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ცოცხალი ძალა. დღეის მონაცემებით, 2500-მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ძალა გაიზრდება", - განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ცეცხლის გაძლიერებისთვის არ არის აუცილებელი გრიგალი ამოვარდეს და მცირე ზომის ნიავსაც კი შეუძლია დარჩენილი ცეცხლის კერა გააღვივოს.
გარემოს დაცვის მინისტრმა მოსალოდნელ ამინდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე ზომის წვიმა არის მოსალოდნელი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობაში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.