ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.
როგორც ცნობილია, დილიდან ბორჯომის ხეობაში არსებულის სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.
"ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან მათი ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ", - აცხადებენ საგანგებო შტაბში.
გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამუშაოებში ჩართულიყო საჯარისო ნაწილი და დღეს 1000-ზე მეტი სამხედრო შემოგვიერთდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბთან განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან და დადგა იმის საჭიროება, რომ სამუშაოებში ორგანიზებული ცოცხალი ძალა ჩაერთოს.
ამასთან, პრემიერის თქმით, ის ძალები, რომლებიც სამუშაოებს აქამდე ახორციელებდნენ, მუშაობას კვლავ გააგრძელებენ. პრემიერმა შეაჯამა ასევე განვლილი დღეები და აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა", - აღნიშნა პრემიერმა.