თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაზე, რომ პარტია ელისაშვილს ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმარება, უარს ამბობს.
როგორც"ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა, მან ხელისუფლებას და ცესკოს უნდა დაუმტკიცოს, "რა ძალა აქვს ხალხს" და როგორ შეუძლია მას "ხალხთან ერთად ნებისმიერი საარჩევნო ხრიკის წყალში ჩაყრა".
ელისაშვილის თქმით, დღეს 1 000 ხელმოწერა უკვე შეგროვდა.
"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - ნებისმიერი მხარდაჭერა ამ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ხელისუფლებას და მათ შორის ცესკოს უნდა დავუმტკიცო, რა ძალა აქვს ხალხს და როგორ შემიძლია ხალხთან ერთად ნებისმიერი მათი საარჩევნო ხრიკი და მავნებლობა ჩავყარო წყალში.
მოვიდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ნახონ, როგორი აჟიოტაჟია ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით. მე ვარ ახმეტელის მეტროსთან და 1 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. ჩემს შტაბში არ წყდება მოხალისეების მისვლა და უნდა ნახოთ, როგორი აჟიოტაჟია - ხალხი მოდის სრულიად შეგნებულად, სხვათაშორის, სხვადასხვა რაიონიდანაც, რომ ხელი მოაწეროს", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისი თქმით, ხვალ, შუადღის მერე ვარკეთილის მეტროსთან შეაგროვებს ხელმოწერებს.
ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან მხარდამჭრების მობილიზებას დაიწყებს.