პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ნახევარ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ბალახს გაუჩნდა, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხა.
როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, ვინაიდან ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კვლავ გაჩენის საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად, ადგილზე მეხანძრე-მაშველები არ რჩებიან.
რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, როგორც შს მინისტრი აცხადებს, "ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს და ამჟამად მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობაც ბოლომდე ვერ მოხდა".
მინისტრის თქმით, სამუშაოში ჩაერთო დამატებით 300-მდე ცოცხალი ძალა.
"ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე დაემატა 300-მდე ცოცხალი ძალა. ყველაზე პრობლემული ამჯერად კვლავ სოფელ დაბასთან ვითარებაა. აქ მთის ფერდობზე, პრაქტიკულად, ლოკალიზებული იყო ცეცხლი, თუმცა ის ქარმა გააღვივა. ახალ კერებს რაც შეეხება, ისინი მონიშნული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არსებობს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ, რომლებზეც ვერ მოხდა ჯერ ხანძრის ლოკალიზება", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად შტაბში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო სამუშაოებში ჩართულ პირებს დალოცავს.