ამჟამინდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს და თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული გვექნება ხანძარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პერიმეტრის დაზვერვითი სამუშაოები. შტაბს აქვს ზუსტად მონიშნული ხანძრის კერები, რომელთაც ვერტმფრენები ამუშავებენ.
"ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფებით, 15-დან 18 საათამდე ქარი ძლიერდება ხოლმე, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება. ჩვენ ასევე რკალი გვაქვს შემოვლებული ხანძრის კერებისთვის, რათა არ მოხდეს ცეცხლის ჯანსაღ ტყეზე გაღვივება", - განაცხადა ალავიძემ.
ამასთან, ჟურნალისტები მინისტრისგან დაინტერესდნენ ხანძრის ახალი კერებითაც. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიები კონტროლდება და კვამლი, რომელიც ამოდის, ტორფს უკიდია.
"2 თვეა არ უწვიმია აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კერა, რომელიც ამჟამად შედარებით აქტიურია და იმ კერებს ვერტმფრენები ამუშავებენ", - განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მოხალისეების დახმარების საჭიროება არ არსებობს.
"ტექნიკაც, რომელიც ამჟამად მუშაობს, საკმარისია", - დასძინა მინისტრმა.
ჟურნალისტები მინისტრისგან დაინტერესდნენ, თუ რა მასშტაბის ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ძნელია ზუსტი ფართობის თქმა, თუმცა მიახლოებით ეს 100 ჰექტრამდე ტერიტორიაა.
ამასთან, ზურა ალავიძის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 1500-მდე ცოცხალი ძალა, ქართული მხარიდან 60-მდე ერთეული ტექნიკა, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან 25-მდე ერთეული ტექნიკა არის ჩართული.