ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა.
მისი განცხადებით, თუ მაშველებს ქარმა ხელი არ შეუშალა, დღეს ძირითადი კერების ლოკალიზება განხორციელდება.
წაიკითხეთ ასევე: ბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
"ბოლომდე დადგენილი არ არის, რა ფართობზე გაჩნდა ხანძარი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის დიდი კერა აღარსად აღარ გვაქვს. ამ ეტაპზე 6 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მუშაობს. 1 500 კაცი ცოცხალი ძალაა მობილიზებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია, როგორც შსს-ს და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ასევე, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული მაშველები. ზურგზე მოკიდებული ცეცხლჩამქრობებით ვებრძვით პატარ-პატარა კერებს. გუშინ ქარი იყო, დღეს თუ არ შეგვიშალა ქარმა ხელი, ძირითადი კერების ლოკალიზაცია განხორციელდება", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.
ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, 06:00 საათიდან ვერტმფრენები სწორედ ამ ლოკაციაზე მუშაობენ და ცეცხლის კერებს აქტიურად ასხამენ წყალს.
"არდაგანის ტერიტორია გუშინაც რთულ კერად მიიჩნეოდა. დილიდან ვერტმფრენებით აქტიურად დაიწყო არდაგანის ტერიტორიაზე ცეცხლის ქრობა. ამ ეტაპზე 4 ვერტმფრენი დაფრინავს და ინტენსიურად ასხამს წყალს ცეცხლის კერებს.
06:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სატყეოს თანამშრომლები და ყველა ძალა, რომელიც ხეობაშია მობილიზებული", - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, როგორ უნდა განაწილდეს ცოცხალი ძალა და როგორ უნდა მოხდეს ხანძრის ლოკალიზება".
მისი განცხადებით, მთის მასივში გზის გაყვანა და ჯანმრთელი ტყისგან ხანძრის კერების მოჭრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"მაღალ მთაში გზის გაყვანა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2 კილომეტრიანი გზა დაემატა და ჯამში დაახლოებით, 10 კილომეტრამდე გზა გავიყვანეთ. ეს სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომ ხანძრის კერები მოვჭრათ ჯანმრთელი ტყისგან", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა ცდილობენ. პროცესში დილიდან ავიაცია ისევ ჩაერთო.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის კერები ბევრია და ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.
"ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა. ღამე ქარი არ იყო, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბები არ გაზრდილა. ქარი არც ახლა არის, თუმცა ხანძრის კერები ბევრია, ტორფი არის გაღვივებული. ჩაქრობა და ცეცხლის ლიკვიდაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება. ერთ და ორ დღეში ეს ვერ დასრულდება იმიტომ, რომ ტერიტორია დიდია და სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები.
მაქსიმალურად ჩართულები ვართ, ავიაციამ დაიწყო უკვე მუშაობა", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.