დღის მეორე ნახევარში გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, რათა დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ მუშაობა, ისევე როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით უფრო ცხადი სურათი გვექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ქარზე. ამ წუთას გავრცელების საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით, რათა მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე და მოვახდინოთ იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების საშიშროება ყველაზე მაღალია", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომოს ხეობაში ყველაზე რთული კერა წაღვერის თავზეა.
მისივე თქმით, ადგილზე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
"საღამოს მდგომარეობა ასეთია: მთაში ისევ ძლიერი ქარია და ცეცხლს მიმართულებებს უცვლის. რთული კერა გვაქვს ძალიან წაღვერის თავზე. იქ გაგზავნილია 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და ამავე რაოდენობის სახანძრო და სატვირთო მანქანები, ასევე ცოცხალი ძალა. არ უნდა გავრცელდეს ხანძარი ახალი ტყის მასივებზე, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ, პრევენციას ვახდენთ.
ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია იმ კუთხით, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვიმუშავებთ მთელი ღამის განმავლობაში. რამდენიმე საათში ჩატარდება შემაჯამებელი თათბირი და დავგეგმავთ, ღამე როგორ უნდა ვიმუშავოთ. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმუშავებს შეუჩერებლად. ვერტმფრენები ღამე ვერ მუშაობენ და წავიდნენ დისლოკაციის ადგილზე. ის კერები, რომელსაც ხედავთ, საშიში არ არის. ქვემოთ თუ ჩამოვა, საკმაო ძალა გვაქვს იმისთვის, რომ შევაჩეროთ და გზაზე და მოსახლეობაზე არ გადავიდეს",- განაცხადა ალავიძემ.
რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, მინისტრის თქმით, ეს შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ.
"ვერ გაგცემთ პასუხს. ყველაფერი შესაძლებელია. თუ ეს დივერსიაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ", - განუცხადა ჟურნალისტებს ალავიძემ.
ბორჯომის ხეობაში, ღამისა და რთული ხილვადობის გამო, ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდიკაციო სამუშაოებში დილამდე შეაჩერეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში განუცხადეს, ვერტმფრენები მუშაობას გამთენიისას განაახლებენ.
ბორჯომის ხეობაში დღეს, მთელი დღის განმავლობაში 6 ვერტმფრენი მუშაობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ქართულ ვერტმფრენებთან ერთად სამუშაოებში ჩართულები არიან თურქული, აზერბაიჯანული და ბელარუსიული ვერტმფრენები. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა კი სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.
წაიკითხეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის მიზეზებზე