ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ”ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შს მინისტრი გამოეხმაურა ბორჯომის ხეობაში დამსვენებლების შემოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ვინც გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, "თუმცა არა ყველასთან".
"გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა შს მინისტრმა.
დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.
” ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.