რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ

რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ საფრენ აპარატებს, რომლებიც ბორჯომში ხანძარს აქრობენ

მეოთხე დღეა ბორჯომში სტიქია მძვინვარებს. ქართველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ბელორუსი მონაწილეობს. დახმარების სურვილი გერმანიამ, რუმინეთმა და საბერძნეთმაც გამოთქვეს.

საფრენი აპარატების სახით რეგიონში 4 ქვეყნის შვეულმფრენები და თვითმფრინავი მოქმედებს. გუშინ დღის ბოლოს ცნობილი გახდა რომ ბელორუსის პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს დასახმარებლად მინსკმა Ми-26-ი გამოგზავნა.

შვეულმფრენი კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა და ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 11:00 საათზე ჩაერთო. Ми-26-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული შვეულმფრენია. საფრენი აპარატის წარმოება რომელსაც 21 000 კგ ტვირთის წაღება შეუძლია 1980 წელს დაიწყო. საბჭოთა არმია მას სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირების იყენებდა. სხვათა შორის სსრკ-ს დროს Ми-26-ები საქართვეოშიც იყვნენ განთავსებულნი.

1987 წელს ხონში და თელავში დისლოვირებულ პოლკებს ახალთ-ახალი Ми-26-ები გადასცეს. ომის შემთხვევაში ამ შვეულმფრენებით თურქეთსა და ირანში, ქუთაისის და ლაგოდეხის სადესანტო-საიერიში ბრიგადები უნდა გადაესხათ. შვეულმფრენის ტვირთამწეობაზე გამოცდაც საქართველოში ჩატარდა, რომლის დროსაც ბაგირზე ჩამოკიდებული 20 000 კგ-იანი ტვირი საფრენმა აპარატმა 2 კმ-ის სიმაღლეზე ასწია.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსებმა Ми-26-ები თავისთან გადააფრინეს. არადა, მაშინ ჭკუა რომ გვეხმარა თავისუფლად შეიძლებოდა შვეულმფრენების თუნდაც ნაწილი, საქართველოში დაგვეტოებინა და მათი წაყვანის უფლება რუსებისთვის არ მიგვეცა.

დღეს სამხედრო მიზნებთან ერთად ამ შვეულმფრენს აქტიურად რიგი სახელმწიფოების საგანგებო სიტუაციების სამსახურები იყენებენ. დიდი ტვირთამწეობის წყალობით, ხანძრის ქრობაში ის შეუცვლელია. ბაგირზე ჩამოკიდებული კალათით ერთ ჯერზე Ми-26-ს 15 000 ლიტრი წყალი გადააქვს. ჩამოცლის შემდეგ, კალათის წყლით ხელახალ გავსებას მხოლოდ 10 წმ ჭირდება.

აზერბაიჯანის (1 ერთეული) და თურქეთის (2 ერთეული) მიერ გამოგზავნილი შვეულმფრნები Ка-32-ის ტიპისა არიან. საკუთარ კლასში ხანძართან ბრძოლისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. საფრენი აპარატი 1986 წელს სამხედრო მოდელის ბაზაზე შეიქმნა. ის ერთადერთი რუსული სამოქალაქო შვეულმფრენია რომელიც ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ევროპაში, კანადაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაშია სერტიფიცირებული.

საბჭოური წარმოების შვეულმფრენს ხანძართან საბრძოლველად ესპანეთის (10 ერთეული), პორტუგალიის (6 ერთეული), სამხრეთ კორეის (31 ერთეული), შვეიცარიის, ბრაზილიის, აზერბაიჯანის, კანადის, უკრაინის, იაპონიის, თურქეთის ყაზახეთის სამაშველო სამსახურები და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროები იყენებენ.

დღეს რეგიონში თურქეთიდან ჩამოფრენილ CL-215-საც ელოდებიან. კანადური წარმოების ეს თვითმფრინავი სპეციალურად ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შეიქმნა. 1969-1990 წლებში 125 ასეთი თვითმფრინავი დამზადდა. თვითმფრინავი ამფიბიის ტიპისაა, რაც იმას ნიშნავს რომ ხმელეთზე და წყალზეც ჯდება.

წყლის მარაგის შევსებისთვის CL-215-ი წყალზე ეშვება და გაჩერების გარეშე, სპეციალური სარქველებიდან ავსებს წყლით შესაბამისს ავზებს. ერთ ჯერზე თვითმფრინავს ხანძრის კერაზე 5 400 ლიტრი წყალი შეუძლია ჩამოცალოს.

საქართველოს მხრიდან ხანძრის ლიკვიდაციაში შსს-ს ორი Ми-8-ს ტიპის შვეულმფრენი მონაწილეობს. ამ საფრენი აპარატის გამოყენებით ხანძრებთან ბრძოლა საქართველოში ადრეც ინტენსიურად ხდებოდა.

2015 წელს ელიავას ბაზრობაზე საღებავების საწყობში გაჩენილი ძლიერი ხანძარი სწორედ Ми-8-ს და მასზე ჩამოიდებული სახანძრო კალათით ჩააქვრეს. მაშინ შვეულმფრენი წყალის მარაგს ელიავას ბაზრობის მიმდებარედ პირდაპირ მტკვრიდან ავსებდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: როგორ ებრძვიან ძლიერ ხანძარს შვეულმფრენებით - უცხოური გამოცდილება და ვითარება საქართველოში

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე