"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო... 6 სექტემბრიდან ქალწულში რომ გადავა, იმედი მაქვს, თან რამე ეპიდემიას არ მოიყოლებს, სექტემბერი შედარებით მშვიდი იქნება," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, რომელიც აგვისტოს დადგომისთანავე აანონსებდა რთული პერიოდის დასაწყისს.
- აგვისტო, ყველა ასპექტით, ცხელი აღმოჩნდა... ყველაფერთან ერთად, ხანძრები გააქტიურდა. აგვისტოს ბოლომდე ასეთი დაძაბულობაა მოსალოდნელი?
- მთავარია, მიმდინარე რთულმა კვირამ მშვიდად ჩაიაროს. ამ თვეში ორი დაბნელება (მთვარის და მზის) მოხდა. 21 აგვისტოს მზის დაბნელება საკმაოდ რთული იყო, რადგანაც მზე სრულად დაბნელდა. ამიტომაც, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ვამბობდი, რომ ხანძრები და აფეთქებები მოსალოდნელი იყო.
მარსი ლომში, ცეცხლის ნიშანში რომ გადადის, ხანძრები მოსალოდნელია ხოლმე. თან, მზე ლომშია. მარსი პლუს მზე შეერთებული ლომში, - ეს ასტროლოგიური ფორმულა ხანძრის ან მასშტაბური აფეთქების მომასწავებელია.
- სექტემბრიდან მარსი ქალწულში გადავა. რის საფუძველზე ამბობთ იმას, რომ შეიძლება, რაიმე ეპიდემიამ იფეთქოს?
- მარსის ქალწულში გადასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედებს... მარსი კირჩხიბში რომ გადავიდა, ჩემი პროგნოზით, წყალდიდობები ვივარაუდე ასეც მოხდა, რადგანაც კირჩხიბი წყლის ნიშანია. როცა ტყუპში იყო მარსი, მაშინ ვამბობდი, ძლიერი ქარი და შესაძლოა გრიგალიც იყოს-მეთქი. ესეც ახდა. ეს მოვლენები პლანეტების მოძრაობას უკავშირდება. მარსი დაახლობით, ერთ თვეში ან ცოტა მეტ ვადაში იცვლის ხოლმე ზოდიაქოს ნიშანს და შესაბამისი ბუნებრივი მოვლენები მოაქვს.
- ადამიანებში უკვე ისეთი შიში გაჩნდა, რომ ჩვენში ხანძარი თითქოს არასდროს დასრულდება...
- აუცილებლად დასრულდება, რადგანაც სექტემბრიდან მარსი პოზიციას იცვლის, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეპიდემიის რისკი არსებობს, მარსი ქალწულის ნიშანში გადადის, ეს კი, როგორც ვთქვი, ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს.
- აგვისტოში თვეში ორი მასშტაბური დაბნელება (მზის და მთვარის) დაემთხვა... როგორც ჩანს, ამან პრობლემები შექმნა...
- დაბნელებები დიდი ენერგეტიკის ამოფრქვევის ეტაპია. როგორც წესი, მოაქვს მოვლენები, რომლებსაც შემდეგი უახლოესი 18 წლის მანძილზე, რეზონანსული გამოვლინება ექნება. რაკი დაბნელებამ ამჟამად ლომის ნიშანში მოუწია და მზე შეერთებული იყო მარსთან, მოსალოდნელი გახლდათ სტიქიური უბედურებები, უმეტესად, ხანძრები ან აფეთქბები/ტერაქტები. ეს მოვლენები სამომავლოდ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური მოვლენების კატალიზატორიც გახდეს.
- რას გულისხმობთ?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, შეიძლება, სხვადასხვა მოვლენა იყოს - დაწყებული ხელისუფლების ცვლით, დამთავრებული - პოლიტიკური დაპირისპირებებით.
- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზოგადად, მიმდინარე ასტროლოგიური პროცესები უპრობლემოდ გადავიტანოთ?
- დაბნელების პერიოდში ადამიანებს მოეთხოვებათ სიმშვიდე - ეს უდიდესი ენერგეტიკა, რომელიც კოსმოსიდან მოდის, უპირველესად ადამიანის ფსიქიკას აწვება, იმ დროს ბევრი ვერ იმორჩილებს ნერვებს და აგრესიას ავლენს... ამიტომ, საჭიროა, ემოციების კონტროლი და მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნება. ისე, ზოგადად დაბნელების გავლენა ყველა ადამიანზე ინდივიდუალურია. ვიღაცის ცხოვრებაში შესაძლოა, ცხოვრების რადიკალური ცვლილება მოჰყვეს. მოკლედ, ყველაფერი უკვე პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული. საერთოდ, კი დაბნელებებზე, როგორც ვთქვით, რადიკალური ცვლილებები ხდება, ზოგთან ქვეცნობიერის დონეზე ცხოვრების გადაფასება, ზოგთან მოვლენების დონეზე...
- ისიც გასათვალისწინებელია, რომ წელს ცეცხლოვანი მამლის წელიწადია?..
- ამ წელიწადში რომ აგვისტო ყველაზე რთული იქნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. მაგრამ არც უიმედობა ვარგა და აგვისტო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი მოვლენებითაც არის სავსე მათთვის, ვინც წინდახედულია, ემოციებს აკონტროლებს და მზადაა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.
გავიმეორებ, რომ ამ თვეში ყველაზე რთული დღეები იყო 7 და 21 აგვისტო (დაბნელებების კორიდორი), რამაც სირთულეები შექმნა... ამას დაემატა 13 აგვისტოდან პლანეტა მერკურის რეტროგრადულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის დასაწყისამდე არ უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები, არ უნდა მოვაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტაციებს და შეთანხმებას. აჯობებს უკვე არსებული და რაღაც მიზეზით წარსულში დაკონსერვებულ-შეჩერებული პროექტები გააცოცხლოთ. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობების აღდგენა-განახლების შანსი გაჩნდება. მაგრამ არ არის გამორიცხული არსებულ კონტაქტებში გაჭირდეს ურთიერთგაგება და კომუნიკაცია. ამიტომ, კარგად უნდა მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს, შესაძლოა, ერთმანეთს "ჩინურად" ელაპარაკებოდეთ და მარტივ საკითხებზეც ვერ შეთანხმდეთ.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE