რძის შრატი მრავალი კოსმეტიკური პრეპარატის - კრემების, ლოსიონების, შამპუნების - წარმოებაში გამოიყენება. ის ყველაზე ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა.
ბუნებრივი რძის შრატი
ეს პროდუქტი აძლიერებს კანის უჯრედების დამცავ ეფექტს, ხელს უწყობს მათ სწრაფ განახლებას და აქვს ანტიმიკრობული აქტივობაც. სახლის პირობებში შრატის გამოყენებით საკმაოდ იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ეფექტური გამაახალგაზრდავებელი და მათეთრებელი სახის ნიღაბი.
თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელები დაგეღალათ, შრატი დაგეხმარებათ. ოდნავ შეათბეთ ერთი ლიტრი ახალი შრატი, ჩაასხით თასში და ჩაყავით ხელები 5-10 წუთით.
ასევე საუკეთესო საშუალებაა შრატიანი მკვებავ-რეგენერაციული ნიღაბი სახისთვის: რძის შრატი აურიეთ უცხიმო ხაჭოში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ გადაწყვეტთ, რომ განტვირთვის დღე მოაწყოთ, სასარგებლოა რაციონში რძის შრატიც ჩართოთ. ის ორგანიზმს ეხმარება ჭარბი ქოლესტერინისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში. თუ მთელი დღის განმავლობაში რძის ამ პროდუქტს ერთ ლიტრს მაინც მიიღებთ, ძალიან მალე იგრძნობთ ენერგიის მნიშვნელოვან მომატებას.
ტკბილეულის ალტერნატივა
მან, ვინც მიჩვეულია, რომ დღის განმავლობაში ნამცხვრით ან ფუნთუშით წაიხემსოს, უნდა იცოდეს, რომ შიმშილის ჩახშობა მაღალკალორიული ტკბილეულის გარეშეც შეიძლება. ალტერნატივა რძის შრატზე დამზადებული კოქტეილებია. ამიტომ, თუ საუზმესა და სადილს შორის ტკბილი მოგინდებათ - მიიღეთ ერთი ჭიქა კოქტეილი, ის მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას და შეავსებს ორგანიზმის სითხის მარაგს, რაც აუცილებელია მოხდენილი გარეგნობის შესანარჩუნებლად.
გთავაზობთ ერთ-ერთი კოქტეილის მომზადების წესს: 100 გრამი მარწყვი, 250 გრ ძალიან ცივი შრატი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სულ მცირე რაოდენობით დარიჩინი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)