ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ღამისა და ხილვადობის არარსებობის გამო, აზერბაიჯანიდან გამოგზავნილმა ვერტმფრენმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეწყვიტეს. როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვერტმფრენები სამუშაოებს დილის 6 საათიდან გააგრძელებენ, მანამდე კი ცოცხალი ძალა რჩება ადგილზე.
"სიბნელის გამო ორივე ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. დილის 6 საათამდე ვერტმფრენები მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. ცოცხალი ძალა რჩება ადგილზე, მაშველები, სატყეო სამსახური, მოხალისეები და ყველანაირად ვეცდებით არ გადავიდეს ცეცხლი ტყის მასივზე მასიურად. ხანძრის გავრცელების ადგილზე ძლიერი ქარია. ღამე არ არის შესაძლებელი ლოკალიზება. ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარმა ხანძრის კერები გააღვივა. ვერტმფრენის საშუალებით ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იყო. ვერტმფრენმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა", - განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ხალხი არის დაბლობში და ხანძარი ხდება მთის წვერზე.
წაიკითხეთ ასევე: ცეცხლი 5 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო