ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩენილ ხანძარს ჯერ კიდევ აქრობენ. რთული პირობების გამო, მაშველების მუშაობა გართულებულია. ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.
ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა ცეცხლის სრულად ლიკვიდირება არ მომხდარა.
"ყველა ქვედანაყოფი მუშაობს. სამწუხაროდ, სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, თუმცა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამ ეტაპზე არ არის არც ხანძრის ახალი კერები. საევაკუაციო გეგმა შემუშავებული გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ძველ ნახანძრალ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი