ირინა სარიშვილი მეშვიდე შვილის დედა გახდა. მან ახლახან კიდევ ერთი ბიჭუნა იშვილა. ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"ტყუპებთან როცა დავდიოდი ბავშვთა სახლში, იქ ერთი პატარა ბიჭუნა იყო, 5 თვით გოგოებზე დიდი, მათსავით მზის შვილი. შევედი თუ არა პირველად მან გამიღიმა და იმის მერე თვალს არ მაშორებდა, სულ მიღიმოდა.
ჩემი გოგოები მაშინ პატარები იყვნენ, სუსტები და თითქმის სულ ეძინათ. სანამ გაიღვიძებდნენ, სულ ამ პატარა პრინცს ვეთამაშებოდი.
როცა გოგოები სახლში გამომყავდა, ფეხები უკან მრჩებოდა... ცოტა გაციებულივით იყო ჩემი მზის ბიჭუნა და ვერც ჩავეხუტე წესიერად, ტყუპებისთვის რომ არ გადამედო... ერთი ჩემთვის ჩავილაპარაკე, მე აქ მოვბრუნდები და თუ კიდევ აქ დამხვდები...
რამდენიმე ხნის შემდეგ მე და ჩემი უფროსი ბიჭი ბავშვთა სახლში წავედით. გოგოებს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდათ რომ შუაზე გავყავით და იქ წავიღეთ. შევედი თუ არა, ის ბიჭუნა ვიკითხე. აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ადრე. ხელშიც როცა ავიყვანე, ბევრად უფრო მოდუნებული იყო ვიდრე მაშინ, როცა ვეთამაშებოდი. არა იმიტომ, რომ მოვლა აკლდა. ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ: არ ვიცი ადრე რა იყო, მაგრამ ეხლა არაჩვეულებრივი აღმზრდელები არიან ბავშვთა სახლში, ძალიან უყვართ ბავშვები და არაფერს აკლებენ. უბრალოდ ყველა ბავშვს ჭირდება სახლი, სხვა სითბო და უპირობო სიყვარული, რისი მიცემაც მხოლოდ მშობელს შეუძლია. დაუნის სინდრომიანი ბავშვისთვის კი, რომელიც უზარმაზარ სითბოს გასცემს, ამ ყველაფერს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უდედოდ ისინი იკეტებიან საკუთარ თავში, უკან მიდიან და იფერფლებიან.
წამოვედი სახლში გულდამძიმებული. მერე მისი დაბადების დღე იყო და მივედი. ეს დღე ერთად გავატარეთ. და როცა იქიდან უკან ვბრუნდებოდი, უცებ ვიგრძენი რომ საკუთარ შვილს ვტოვებდი იქ და სხვა შვილებთან მივდიოდი. უსაზიზღრესი, დამანგრეველი გრძნობა, რომელმაც უცბად ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და თავის ადგილზე დააყენა. გაქრა კითხვები: შევძლებ? ვერ შევძლებ? როცა ამის ალტერნატივა შვილის მიტოვება აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, უნდა შევძლო და შევძლებ!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სულ მალე ჩვენს უკვე მართლა დიდ ოჯახში ჩემი მეშვიდე შვილი – ბატონი ალექსანდრე შემობრძანდება!
სანდრო 1 წლისაა. ვერ დადის. ვერ ლაპარაკობს. ხმასაც იშვიათად იღებს. უახლოეს ხანში მას განმეორებით ჩავუტარებთ ყველა გამოკვლევას, ყველაფერს დავაზუსტებთ და რისი მორევაც შესაძლებელია და გვიან არ არის, ყველაფერს მოვერევით! აუცილებლად მოვერევით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და სულ ერთად ვიქნებით!
ჩემგან, ლუკასგან, ირაკლისგან, საბასგან, ბარბარესგან, მარიამისგან, სანდროსგან და ჩემი პაწაწუნა რიჟიკა გიორგისგან ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვერდით დაგვიდგა და დაგვეხმარა რომ ერთად ვყოფილიყავით.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენს ზეიმს უერთდება და ჩვენთან ერთად უხარია პატარა სანდროს შემობრძანება ჩვენს ცხოვრებაში", - წერს სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.