მას შემდეგ, რაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა და შენიშვნებიც გამოითქვა, გეგმის ავტორები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მნიშვნელობის ამ დოკუმენტის თემატური განხილვებისთვის ემზადებიან.
ნახეთ ეს სტატია ვიდეოფორმატში: მოკლედ და გასაგებად, 51 წამში
როგორც ამბობენ, შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა, ქალაქის განვითარების მთავარ კონცეფციას ეს არ შეხებია. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, თბილისი სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც გენგეგმის ავტორები გვთავაზობენ. რა შეიცვლება თბილისში გენერალური გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა? - ამ შეკითხვებით "კვირის პალიტრამ" გენგეგმის ავტორებს, არქიტექტორებსა და ურბანისტებს მიმართა. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი სტატიიდან:
მერაბ ბოლქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი: "ქალაქის არაგონივრულად შემჭიდროებამ უძრავი ქონების ფასების რყევა განაპირობა. ბუნებრივია, როცა განაშენიანების სიმჭიდროვე ნორმებს დიდად აჭარბებს, იქ ცხოვრების ხარისხი ქვეითდება და დროთა განმავლობაში, უძრავი ქონების ფასიც.
მაგალითად, მიღებულია, რომ ჰექტარზე ქალაქში, ყველაზე ბევრი, 240-250 კაცი უნდა ცხოვრობდეს, ჩვენთან კი ცალკეულ უბნებში, მათ შორის ყიფშიძის ქუჩაზე, დოლიძისა და ბალანჩივაძის მონაკვეთებში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ჰექტარზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე გაცილებით მეტია. ცხადია, აქ ხალხის დატევა კი არ იგულისხმება, არამედ ყოველი მოსახლისთვის აუცილებელი მწვანე საფარი, ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები, ავტოსადგომი და სხვ. თბილისში კი გაჩნდა უბნები, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს ან არასაკმარისია, რამაც საცხოვრებელი პირობები მეტად დაამძიმა.
უცხოეთში ბინას არავინ იქირავებს, თუ გვერდით დიდი პარკი არ არის. თბილისში ამ თვალსაზრისით პრობლემებია, ამიტომ, სადაც განაშენიანება ნორმაზე მაღალია, მეტად აღარ უნდა გაიზარდოს. არსებობს ვითარების შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, ასეთ არეალებში მწვანე რეკრეაციული სივრცეების გაჩენა - როგორც განაშენიანებებს შორის, ისე თვით განაშენიანებებშიც.
ჩვენ თბილისის მთავრობას შევთავაზეთ რამდენიმე საქალაქო, საუბნო და უბნისშიდა პარკების მოწყობა. გენერალური გეგმა ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, პირველივე ეტაპზე დავაყენეთ კონკრეტული წინადადებები. მაგალითად, საქალაქო პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, სადაც დასასვენებლად მოსახლეობა ქალაქის სხვა უბნებიდანაც ივლის, როგორც ახლა ადიან მთაწმინდის პარკში. ავტომატურად, პარკის გაშენება იქ უძრავი ქონების ფასს გაზრდის;
ასევე, ფონიჭალასთანაც შესაძლებელია მოეწყოს საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, კრწანისის ტყეპარკს შეუერთდეს; საუბნო პარკი თემქის ორ განაშენიანებას შორის, ხევძმარას ხევის მიმდებარედ და საფეხმავლო ხიდებით მათი დაკავშირება. აქ შესაძლებელია მდინარე ხევძმარას გახსნა, სადაც შეიქმნება წყლის სარკე, რამდენიმე კასკადი, მოეწყობა ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები და სხვ. ამით გაუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო და ეს ღირებულებასაც გაზრდის. დიღომში დაბეტონებულია ორ მიკრორაიონს შორის ჩამომავალი წოწორასხევი. შესაძლებელია მისი გახსნა და მწვანე საფრის მოწყობა...
პრესტიჟული სამეული...
წლების განმავლობაში თბილისში ყველაზე პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ უბნებად ვაკე, ვერა და საბურთალო ითვლებოდა. უძრავი ქონების ლაბორატორიის კვლევების თანახმად, რომელიც 2017 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებს მოიცავს, უძრავი ქონების ფასებით ყველაზე ძვირი რაიონი მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი გლდანი და სამგორია. გაყიდვების საშუალო ფასი 1 კვმ-ზე ყველაზე ძვირი (1.061 დოლარი) მთაწმინდაზე, ყველაზე დაბალი (553 დოლარი) კი სამგორში იყო.
პოპულარობით სხვა უბნებს ვაკე, საბურთალო და სამგორი უსწრებდა: ყველაზე მეტი ტრანზაქცია (1 759 ერთეული) ვაკეში აღირიცხა, თბილისის გაყიდვების 19%. მეორე და მესამე ადგილებზე არიან საბურთალო 1 585 ერთეულითა და სამგორი - 819 ერთეულით.
ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
გენგეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას საჯარო ტრანსპორტის გამხოლოებული ხაზი, როგორც ავტობუსისთვის, ისე მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტისთვის, სადაც სხვა მანქანა ვერ შევა. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუბრკოლებლად და კომფორტულად იმოძრავებს, თბილისელების უმეტესობაც ამ ტრანსპორტში გადაჯდება. გენგეგმაში განხილულია ასეთი სამი მარშრუტი: