ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება - ამჯერად, 25 წლის მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები 8 აგვისტოს შემდეგ ეძებენ...
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ჩეჩენი მოსკოვიდან გროზნოში, დის ქორწილში გაემგზავრა და მეორე დღესვე, მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ის 8 აგვისტოს, გროზნოში ჩასვლისთანავე, სამხედრო ფორმიანებმა ქალაქის ცენტრში დააკავეს. კიდევ ერთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი გატაცება ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატს, ადამ დელიმნახოვს უკავშირდება...
ბაკაევმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბოლო ფოტო 15 აგვისტოს ატვირთა, თუმცა, მისი ახლო მეგობრის თქმით, ეს მისი გვერდი არ არის, მომღერლის სოციალური გვერდი მისი დაკავებისთანავე დაიბლოკა... თანაც, იმ ფოტოზე ახალგაზრდა ჩეჩენი ტყავის ქურთუკით არის. "ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზელიმხანი ზაფხულში, ქორწილში ქურთუკით არ წავიდოდა...", - ამბობენ დაკარგულის მეგობრები.
მომღერლის ოჯახის წევრების თქმით, მათ ზელიმხანთან თავად დაკავშირება ვერ შეძლეს, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი გვერდიდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ ის თავს კარგად გრძნობდა, ამჟამად მოსკოვში იმყოფებოდა და საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა... ახლობლების თქმით, ეს ძალიან უცნაურია, რადგან ზელიმხანი უცხოეთში წასვლას არ გეგმავდა და გარდა ამისა, WhatsApp-ითაც თითქმის არასდროს სარგებლობდა...
ახალგაზრდა ჩეჩენი, სიმღერებს მშობლიურ ენაზე ასრულებდა და კონცერტებს, ჩეჩენთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და რუსეთში, ძირითადად, მოსკოვში მართავდა. თუმცა, მომღერლის ახლო მეგობრის თქმით, ბოლო დროს, მას ჩეჩნეთში სიმღერას უკრძალავდნენ, "რადგან მისი სიმღერა ჩეჩნური საზოგადოების აზროვნებისგან ძალიან განსხვავებული იყო...".
ბაკაევმა არაერთხელ სცადა ბედი მოსკოვში, პროექტ ახალი "фабрика звезд"-სა და ტელეარხ МУЗ-ТВ-შოუ პროგრამებში, თუმცა, მისი ანკეტა რატომღაც დაიბლოკა. თავის მონაცემებში ის ყვებოდა, რომ 5 წლიდან მღეროდა. მთელი ბავშვობა ბრიტნი სპირსისა და მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ცეკვავდა.
"მას სიმღერა უნდოდა და პოპულარობაზე ოცნებობდა. ძალიან ნიჭიერია... ცდილობდა, მოსკოვში აღიარება მოეპოვებინა... მონაწილეობდა კონკურსებსა და კონცერტებში. მუდმივად ვოკალში მეცადინეობდა და სწავლობდა. თავის თავზე მუშაობდა და ძალისხმევას არ იშურებდა, დედას ფინანსურად დახმარებოდა... მომღერლის დედა საკონდიტროში მუშაობს, მამა უმუშევარია და ოჯახს არ ულხინს...", - ჰყვება რუსულ მედიასთან მისი მეგობარი.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკარგული ბაკაევის შესახებ არავითარი განცხადება და ინფორმაცია არ შემოსულა... მედიის თქმით, ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა არ ენდობა ძალოვან უწყებებს.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჩეჩნეთში, "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ბრალდებით", არაერთი ადამიანი დააკავეს. სკანდალურ ინფორმაციას "ნოვაია გაზეტა" ავრცელებდა, რომლის თქმითაც, ერთ ღამეში 10 გეი ადამიანი, ყველანაირი სასამართლო პროცესებისა და საქმის შესწავლის გარეშე, საიდუმლო ციხეში დახვრიტეს. ათამდე ადამიანის ბედი კი დღემდე გაურკვეველია...
ლალი პაპასკირი