ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის მიერ გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ახლა საკუთარ სახლში იმყოფება.
როგორც მეარაყიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აპირებს აიყვანოს ადვოკატი, ვინაიდან ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში ისევ დაკითხვაზეა დაბარებული.
მისი თქმით, "ეჭვმიტანილია ცილისწამებაში".
"ახლა სახლში ვარ. ხვალამდე უნდა მოვძებნო ადვოკატი. ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მეარაყიშვილმა.
ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ საღამოს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან გამთენიისას გაათავისუფლეს.
მას ბრალი ედება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში.
თამარ მეარაყიშვილის ცხინვალში გადაყვანის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ახალგორში, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
მეარაყიშვილი გათავისუფლების მიუხედავად ე.წ. პროკურატურაში ისევ დაიბარეს. ის დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს.