იმ ტრაგიკული ავარიის შემდეგ, როდესაც პრინცესა დიანა დაიღუპა, ოცი წელი გავიდა. იმ დროს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა დედოფალ ელისაბედ მეორეს ადანაშაულებდა მომხდარის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში. თუმცა ახლახან გამოქვეყნდა მონარქის წერილი, რომელიც ტრაგედიისადმი მის გულახდილ დამოკიდებულებას აღწერს. წერილის ადრესატია დედოფლის დამხმარე ჰენრიეტ აბელ სმი.
"ძალიან სევდიანი ამბავია, დიანა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქცია მის გარდაცვალებაზე მთელ მსოფლიოს აერთიანებს. უილიამი და ჰარი ისეთი მამაცები არიან. ვამაყობ. ვფიქრობ, ჩემს ინტერესებშია ახლა მათთან დარჩენა. მგონი, შენი წერილი პირველია, რომელიც გავხსენი. ყველა ემოცია ერთმანეთშია არეული", - წერს დედოფალი.
დიანას დასაფლავების წინა დღეს ელისაბედ მეორემ ბრიტანელ ხალხს მიმართა: "დიანა ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. ჭირსა და ლხინშიც არ კარგავდა გაღიმების უნარს და ყველას შთააგონებდა საკუთარი სიკეთით. მთელი კვირა ვცდილობდით დავხმარებოდით უილიამს და ჰარის ამ საშინელ დანაკარგთან გამკლავებაში", - განაცხადა მაშინ დედოფალმა. მაშინ ბევრმა მისი სიტყვა ფარისევლობად მიიჩნია, თუმცა დედოფლის ამჟამად გამოქვეყნებული პირადი მიმოწერა საპირისპიროზე მეტყველებს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.