ახალი აპლიკაცია Sarahah უკვე მთელ მსოფლიოს, მათ შორის ქართულ ინტერნეტსივრცეს მოედო.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, მასზე დარეგისტრირებულ ადამიანს ანონიმური წერილები მისწეროთ. მისი ერთ-ერთი შემქმნელი 29 წლის ზაინალაბდინ თაფიქია. პოპულარული აპლიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი:
მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?
კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.
რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს. ამავე დროს კი აცხადებს: "ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად."
ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიჰყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.
"ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში" ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: "ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში." - ნათქვამია დოკუმენტში
ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?
ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს Sarahah-ის მომხმარებლებს აწუხებთ. ამას ადასტურებს აპლიკაციის ვებგვერდზე გამოტანილი ხშირად დასმული კითხვებიც (FAQ), სადაც ეს შეკითხვა ნომერ პირველია.
"Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული (logged in) მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე" - პასუხობს აპლიკაცია. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.
ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. "Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას." - ამბობს ვებგვერდი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, "ვეთანხმები" ღილაკზე დაჭერამდე:
ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზოთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასოთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი.